ტელე-შანტაჟების ეპოქა საქართველოში – ვინ შეკაზმავს ცხენს?

768

საქართველოში 2016 წელი საარჩევნო წელია, შესაბამისად პოლიტიკურ ძალებს კარგად ესმით ამ საქმეში მედიის დანიშნულებაცა და მნიშვნელობაც. თავის დროზე “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” ხელისუფლებისთვის ბრძოლა სწორედ სატელევიზიო აგიტაციებით დაიწყო, ხოლო ხელისუფლებაში ყოფნისას მთელ ქართულ მედიასივრცეს აკონტროლებდა. ურჩი ტელეკომპანიები თუ ჟურნალ-გაზეთები მყისიერად დახურეს, პოპულარული და რეიტინგულები კი “ჩაიჯიბეს”.

საქართველოს ხელისუფლებში კოალიცია “ქართული ოცნების” მოსვლის შემდეგ საზოგადოების დიდი ნაწილი სიტყვის თავისუფლების პრობლემაზე აღარ ჩივის. ხელისუფლების წევრებმაც არაერთხელ განაცხადეს საჯაროდ, რომ ქვეყანაში მედია თავისუფალია და მის შიდა პრობლემეში არ ერევიან. მაგრამ ახლა სულ სხვა პრობლემა იკვეთება, თურმე ახლა მეოთხე ხელისუფლება აშანტაჟებს დანარჩენ სამს და მასთან ერთად საზოგადოებასაც. ყოველ შემთხვევაში ასე მიაჩნია ერთ-ერთი ქართული ტელეკომპანია “მაესტროს” საკონტროლო პაკეტის მფლობელ გია გაჩეჩილაძეს (ქართველი მომღერალი, რომელიც ცნობილია ფსევდონიმით “უცნობი“. რედ.).

23343601-9BEF-4148-AB66-E5BC7E519AD6_cx0_cy3_cw0_mw1024_s_n_r1ბოლო დღეებია ამ ტელეკომპანიის გარშემო განვითარებული მოვლენები ფართო საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა. ზოგის აზრით, არჩევნების მოახლოების წინ სატელევიზო სივრცის გადანაწილება დაიწყო და ამაში მთავრობის ხელი ურევია. ამ ვერსიის ავტორებს არგუმენტად მოჰყავთ სახელმწიფო კანცელარიაში “უცნობის” სტუმრობა და ის, რომ მან პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი “ძმაკაცად” მოიხსენია. მთავრობის წევრებმა მაშინვე დაიწყეს მსგავსი ეჭვების გაბათილება და ლამის ერთხმად განაცხადეს, რომ შორს დგანან კერძო კომპანიის შიდა საქმეებში ჩარევისგან.

თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა “მაესტროს” ჟურნალისტებს ურჩია, როგორმე თავად მიხედონ საკუთარ პრობლემებს და ტელეკომპანიის მეწილეებს შორის დავაში ხელისუფლების დადანაშაულებას ნუ ეცდებიან.

“თქვენს თავს დიდი ხანია ბევრი რამეები ხდება. გიხაროდეთ! საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც არ ერევა თქვენს საქმეებში და როგორმე თავად მიხედეთ საკუთარ პრობლემებს. იმ დღეს რა დღესაც კომენტარის გაკეთებას დავიწყებ “მაესტროს” მესაკუთრეებთან, დირექტორთან და მეწილეებთან დაკავშირებით, ჩათვალეთ, რომ მიხეილ სააკაშვილის დროში დავბრუნდით”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა და პრემიერ კვირიკაშვილისა და გია გაჩეჩილაძის შეხვედრის შესახებაც გააკეთა კომენტარი. მისი თქმით, როდესაც ეს შეხვედრა შედგა, “მაესტროს” ირგვლივ მიმდინარე მოვლენები არც კი იყო ცნობილი, ამიტომ ეს იყო ორი მეგობრის შეხვდრა.

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა კი იმედი გამოთქვა, რომ “მაესტრო” კვლავაც განაგრძობს ფუნქციონირებას და საქართველოს რაც შეიძლება მეტი მედიასაშუალება ეყოლება, რომლებიც საზოგადოებას დამოუკიდებელ ინფორმაციას მიაწვდიან.

სრულიად განსხვავებული მოსაზრება აქვს თავად ტელეკომპანიის ერთ-ერთ მფლობელს გია გაჩეჩილაძე. მას მიაჩნია, რომ თავის დროზე ტელეკომპანია “რუსთავი 2”-მა დაამკვირდა ჟურნალისტური შანტაჟის ფორმა, რაც სხვა მედიასაშუალებებმაც აიტაცეს.

გია გაჩეჩილაძე
გია გაჩეჩილაძე

“ტელეშანტაჟის ეპოქა უნდა დასრულდეს! უნდა გამოაშკარავდეს ყველა ის მეშანტაჟე, ვინც ამ პროცესებშია ჩართული, დაწყებული სააკაშვილის რეჟიმიდან მოყოლებული, დღემდე. არ ვიცი რა დავარქვა ამას, მაგრამ შეურაცხყოფილი ვარ იმიტომ, რომ ასე მგონია, გადაბაძე (“მაესტროს” გენ.დირექტორი. რედ) და გვარამია (“რუსთავი 2”-ის გენ.დირექტორი) მართავენ ქვეყანას, აშანტაჟებენ ხალხს, აშანტაჟებენ ხელისუფლებას და გააქვთ თავისი. ამიტომ, განვაგრძობ ბრძოლას “მაესტროს” გადასარჩენად”, – განაცხადა გია გაჩეჩილაძემ ტელეკომპანია GDS-ის ეთერში.

ლევან გაჩეჩილაძე
ლევან გაჩეჩილაძე

“მაესტროს” ირგვლივ სკანდალი მას შემდეგ აგორდა, რაც გახმაურდა, რომ გაკოტრების პირას მყოფი ტელეკომპანიის საკონტროლო პაკეტის 55-პროცენტიანი წილის მფლობელი, მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი გია გაჩეჩილაძე გახდა და არხის დირექტორად თავისი ძმა, პოლიტიკური წარსულის მქონე, პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ლევან გაჩეჩილაძე დანიშნა. ძმებმა თავიანთი გადაწყვეტილების სამართლებრივად გამყარება გადაწყვიტეს და საჯარო რეესტრს მიმართეს, რადგან სამეწარმეო რეესტრში ოფიციალურად დარეგისტრირების მომენტიდან ლევან გაჩეჩილაძე შედგომოდა დირექტორის მოვალეობის შესრულებას.

ბაია გადაბაძა
ბაია გადაბაძა

ამასობაში გულ-ხელ დაკრეფილი არც “მაესტროს” მოქმედი გენ.დირექტორი ბაია გადაბაძა მჯდარა. ჯერ ტელეკომანიის დაცვა გააძლიერა, შემდეგ კი სასამართლოს მიმართა ბათილად ეცნო ლევან გაჩეჩილაძის დირექტორად არჩევის შესახებ “მაესტროს” პარტნიორთა კრების ოქმი. ასევე მიმართა საჯარო რეესტრს, მისი სარჩელის სასამართლო განხილვამდე გაჩეჩილაძე “მაესტროს” დირექტორად არ დაერეგისტრირებინათ. ამ რაუნდში გადაბაძემ აშაკარად გაიმარჯვა, რეესტრმა მისი მოთხოვნა დააკმაყოფილა, მაგრამ სკანდალი არ დასრულებულა და ახალი დეტალებიც გამოიკვეთა.

საჯარო რეესტრის გადაწყვეტილება „უცნობმა“ კანონიერების, ბიზნესისა და თავისუფალი მედიის წინააღმდეგ მიმართულად შეაფასა. მისი თქმით, საჯარო რეესტრი არის ორგანო, რომელმაც უნდა უზრუნველყოს კანონის აღსრულება და არ უნდა წამოეგოს შანტაჟს და სხვა სახის მანიპულირებად მოქმედებებს.

„სახეზე გვაქვს ტელეკომპანია “მაესტროსა” და “რუსთავი 2″-ის მიერ საზოგადოებრივი აზრის მართვის მცდელობასთან, რომლის პირველი მსხვერპლი გახდა სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი სტრუქტურა – საჯარო რეესტრი. რომელ ცივილიზებულ ქვეყანაში გინახავთ, ტელევიზიის დირექტორს შეეძლოს მფლობელზე და კანონზე მაღლა დადგეს: არ გადაიხადოს გადასახადები, დააგროვოს ვალები, გაანიავოს ინტელექტუალური საკუთრება, კონკრეტული აქციონერების შეკვეთით მიზანმიმართულად გააკოტროს და გადააგდოს კომპანიის სხვა აქციონერები?!” – აცხადებს გია გაჩეჩილაძე და არ მალავს, რომ ტელეკომპანიის საკონტროლო პაკეტი ირაკლი რუხაძის ფინანური დახმარებით შეიძინეს, რომელიც ტელეკომპანია “იმედის” ყოფილი მფლობელის, აწ -გარდაცვლილი ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის ბიზნესებს განკარგავს.

მაკა ასათიანი
მაკა ასათიანი

“მაესტროს” გარშემო მიმდინარე მოვლენებში ახალი მოქმედი პირები ერთმანეთის მიყოლებით გამოჩნდნენ. ჯერ შვეიცარიიდან სამშობლოში დაბრუნდა დიზაინერი, “მაესტროს” აქციების 25%-ის მფლობელი მაკა ასათიანი, რომელმაც ტელევიზიის ჟურნალისტებს მაშინვე შესთავაზა “მაესტრო 24”-ზე გადასვლა. რამდენიმე დღეში კი ამერიკიდან ირაკლი რუხაძე ჩამოფრინდა. “მაესტროს” წილებთან დაკავშირებით ქართულ პრესაში ერთმანეთის მიყოლებით სხვადასხვა ვერსიები გავრცელდა. მათ შორის განიხილება ირაკლი რუხაძის პოლიტიკაში მოსვლის სურვილი. ამისთვის კი მას ფართო მედიასივრცე სჭირდება.

იმასაც ამბობენ, რომ ეს ყველაფერი ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის “ჩასაძირად” კეთდება, რომელიც დღემდე მიიჩნევა ყოფილი სახელისუფლებო პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური ინტერესების დამცველ ტელეკომპანიად. “ნიუპოსტი” თავის მკითხველს ერთ დეტალს აცნობს. კერძოდ, ერთი თვის წინ ტელეკომპანია “იმედმა” “მაესტროს” სარეკლამო დროის 100% იყიდა ერთი წლით და ამ გარიგებაში 4 მილიონი დოლარი გადაიხადა. ვარაუდობენ, რომ ეს წინასაარჩევნოდ “მაესტროს იმედიზაციის” დასაწყისია. მათი აზრით, “მაესტროს” ახალი მენეჯმენტის მთავარი ამოცანა რეიტინგების ომში “რუსთავი 2”-ის დამარცხებაა. თუმცა, ამას არ მალავს არც 2008 წლის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტობის ყოფლი კანდიდატი ლევან გაჩეჩილაძე და ღიად აცხადებს, რომ სურს “რუსთავი2”-ს მაყურებელი წაართვას.

რით დასრულდება დავა ჯერჯერობით უცნობია, ერთი რამ კი ცხადია, მედია საუკეთესო ცხენია კარგი მოჯირითესთვის და გამარჯვებულიც ის არის, ვინც კარგად მოარგებს მას უნაგირს. მაგრამ “მაესტროს” შემთხვევაში, არც თუ მარტივად არის საქმე, ბოლო დრომდე მას ექვსი მფლობელი ჰყავდა, მაგრამ ყველასთვის მოულოდნელად საკონტროლო პაკეტის მფლობელი გია გაჩეჩილაძე აღმოჩნდა. როგორ მოხდა ეს? აი რა აწუხებს არხის უკვე გენერალურ დირექტორს. იმასაც ამბობენ, რომ კვალი პატარკაციშვილების ოჯახისკენ მიდისო.

ტელეკომპანია “მაესტროს” გენერალურმა დირექტორმა ბაია გადაბაძემ რამდენიმე დოკუმენტი გაასაჯაროვა, რომლებიც მისივე თქმით, ირაკლი რუხაძემ მაკა ასათიანსა და კოტე გოგელიას გაუზავნა და 7,5 მილიონი აშშ დოლარის გარიგებას სთავაზობდა. გარიგების საგანი კი იყო “მაესტროზე”, როგორც ბრენდზე უფლების მოპოვება.

ამასობაში “მაესტროს” პარტნიორთა კრება შეიკრიბა, მაგრამ გარკვეულ საკითხებზე შეთანხმება ვერ მოახერხეს. მაშინ წილის 55%-ის მფლობელმა გია გაჩეჩილაძემ დამოუკიდებლად მიიღო გადაწყვეტილება და ბაია გადაბაძეს ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის თანამდებობა დაატოვებინეს. მის ადგილას ლევან გაჩეჩილაძე დანიშნეს. – ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს ტელეკომპანიის ერთ-ერთი მეწილის მაკა ასათიანის ადვოკატმა გიორგი გვენეტაძემ მიაწოდა. თავად ადვოკატი დირექტორის თანამდებობაზე ლევან გაჩეჩილაძის დანიშვნას არალეგიტიმურად მიიჩნევს.

ტელეკომპანია მაესტროში” მიმდინარე პროცესები საქართველოში აშშ-ს საელჩოს ინტერესის არეალშიც მოექცა და როგორც შეერთებული შტატების ელჩმა იან კელიმ განაცხადა, საელჩო აკვირდება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და ეს წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყნის დემოკრატიული წინსვლისთვის, რადგან ქვეყანა უახლოვდება საარჩევნო პერიოდს.

გიორგი ქართველი Dalma News-სთვის