საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში  აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) წარმომადგენლებს უმასპინძლა.  მხარეებმა აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) დამფუძნებელი ქვეყნების მთავარი მომლაპარაკებლების მეექვსე შეხვედრის შედეგებზე ისაუბრეს, რომელიც თბილისში საგამოფენო ცენტრ “ექსპო-ჯორჯიაში”გაიმართა და 57 დამფუძნებელი ქვეყანა მონაწილეობდა. დამფუძნებელმა ქვეყნებმა კონსესუსის წესით შეარჩიეს ბანკის პრეზიდენტი ჯინ ლიქუინი, რომელიც გარდამავალ პერიოდში ბანკის გენერალური მდივანი იყო.

ჯინ ლიქუინმა კარგად ორგანიზებული ღონისძიებისთვის მადლობა გადაუხადა ირაკლი ღარიბაშვილს და გამოთქვა მზადყოფნა საქართველო გახდეს ერთ–ერთი მთავარი ქვეყანა, რომელშიც ბანკი დაიწყებს ოპერირებას და განახორციელებს, როგორც საქართველოსთვის, ისე რეგიონისთვის საინტერესო ინფრასტრუქტურულ პროექტებს.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პრემიერმა განაცხადა, საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელმაც ბანკის სადამფუძნებლო დოკუმენტის შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა.

მისივე თქმით, ბანკი არის 100 მილიარდი დოლარის კაპიტალით შექმნილი და ფოკუსირებულია ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, ასევე სხვადასხვა სექტორში  ინვესტიციებზე, როგორიც არის ენერგეტიკა, ლოჯისტიკა, ტრანსპორტი. საქართველოს პრემიერი აპირებს ჩინეთში ვიზიტისას, ბანკის ხელმძღვანელებთან პირადად განიხილოს კონკრეტული პროექტები.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ვიცე–პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური დაესწრნენ.

AIIB არის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი ქვეყანა საქართველოა. აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკში გაწევრიანება საქართველოს აძლევს შესაძლებლობას, ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად დამატებითი შეღავათიანი ფინანსური რესურსი მოიზიდოს. ბანკის სადამფუძნებლო დოკუმენტებს ხელი 29 ივნისს მოეწერა. ხელმოწერის შემდეგ დამფუძნებელი ქვეყნების მომლაპარაკებელთა შეხვედრა სწორედ თბილისში შედგა.

როგორც საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე დავით ლეჟავამ “ექსპო ჯორჯიაში” ჟურნალისტებს განუცხადა, სასიამოვნოა, რომ შეირჩა ისეთი პრეზიდენტი, რომელიც მოწადინებულია ბანკი იყოს ძალიან ეფექტიანი ინსტიტუტი. იგი იცნობს საქართველოს და კეთილგანწყობილია ჩვენი ქვეყნისადმი. “ბანკში საქართველოს გაწევრიანება, საშუალებას გვაძლევს, დამატებითი რესურსი მოვიზიდოთ ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის,” – განაცხადა დავით ლეჟავამ.

თავის მხრივ ჩინეთის ფინანსთა მინისტრის მოადგილე ში იაობინმა მადლობა გადაუხდა ფინანსთა სამინისტროს შეხვედრის მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის. მისი განმარტებით,  ბანკის პრეზიდენტი შეირჩა სამი პრინციპით – გამჭვირვალობა, ღიაობა და დამსახურების მიხედვით.” ჯინ ლიქუინი აქტიურად იყო ჩართული ბანკის დაფუძნების ყველა ეტაპზე. ვიმედოვნებთ, რომ მისი ცოდნა და გამოცდილება, მუშაობა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებში, წაადგება ბანკის ფუნქციონირებას და ინვესტიციებს წევრ ქვეყნებში, მათ შორის, საქართველოში“ – განაცხადა ში იაობინმა.

ბანკის ახალმა პრეზიდენტმა ჯინ ლიქუინმა წევრ ქვეყნებს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ბანკი წლის ბოლომდე დაიწყებს ფუნქციონირებას, ხოლო მიღწეული წარმატებები გადამდები იქნება სხვა რეგიონებისთვისაც.  “მახარებს, რომ კვლავ მომიწია საქართველოში ჩამოსვლა. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ბანკი წარმატებული იყოს ყველა მის წევრ ქვეყანაში,” – განაცხადა ჯინ ლიქუინმა და დასძინა, რომ ახალი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი აქცენტს გააკეთებს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ხოლო შედეგი იქნება რეგიონში 21-ე საუკუნეზე მორგებული ინფრასტრუქტურის განვითარება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here