საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ დედაქალაქის ყოფილი მერი გიგი უგულავა, ცხრათვიანი წინასწარი პატიმრობიდან გუშინ, 17 სექტემბერს, გვიან ღამით სასამართლო სხდომის დარბაზიდან გაათავისუფლა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს განმარტებით გადაწყვეტილება ეყრდნობა საქართველოს კონსტიტუციას, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციასა და საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს ორგანულ კანონს. “შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევის, “ტელეიმედში” შეჭრის, მთაწმინდის პარკის გასხვისებისა და რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ეპიზოდებს. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მომდევნო სხდომა გაიმართება 2015 წლის 24 სექტემბერს 12:00 საათზე”, – ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავას წინააღმდეგ კიდევ ერთი საქმე მიმდინარეობს, რომელიც ტელეკომპანია “იმედისა” და რიყის ტერიტორიის გასხვისებას ეხება. ამ საქმეზე ჩანიშნული პროცესი, ადვოკატების მოთხოვნით, დღეისთვის გადაიდო.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური გიგი უგულავას გათავისუფლებას, “ნაციონალური მოძრაობის” რამდენიმესაათიან ზეიმად აფასებს, რომელიც არ ცვლის სასამართლო გადაწყვეტილებების არსს. “უგულავა თავისუფალი შეხვდება განაჩენს, თუ წინასწარ პატიმრობაში, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს”. – აცხადებს იგი.

თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა განსაკუთრებით დიდი ოდენობის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით, 2014 წლის ივლისში, თბილისის აეროპორტში იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი ევროსაბჭოს რეგიონთა კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის სხდომაზე დასასწრებად, კიშინიოვში გამგზავრებას აპირებდა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გიგი უგულავა, როგორც დანაშაულებრივი ჯგუფის ხელმძღვანელი, ოფშორული კომპანიიდან შავი ფულის მართლსაწინააღმდეგოდ შემოტანას ახორციელებდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here