ერევნის მყუდრო, მშვიდი ეზო… სწორედ იქ შეიძლება სომხეთის დედაქალაქის მოსახლეობის ყოფა-ცხოვრებას გაეცნო. თითქმის თითოეულ ასეთ ეზოშია პატარა სკვერი, სადაც ადგილობრივი ხანდაზმულები იკრებებიან, ყვებიან წარსულის დაუჯერებელ ისტორიებს, თამაშობენ კარტს, ჭადრაკს და დამკას, მაგრამ მათთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი სამაგიდო გასართობი ნარდია.

შეშ-ბეშ, იქი-ბირ, დუ-ბარა… ეს სიტყვები ბავშვობაში ხშირად მესმოდა. როდესაც ჩვენს სახლში სტუმრები იკრიბებოდნენ და კამათელს აგორებდნენ ამ, ჩემთვის უცხო სიტყვებს ამბობდნენ. რომ წამოვიზარდე მამას ვთხოვე ესწავლებინა ჩემთვის ნარდის თამაში. შედეგად, ნარდი ჩემს თანატოლ, სკოლის მოსწავლეებს შორისაც პოპულარულ გასართობად იქცა. კარგ მოთამაშეს კი მოგების შემთხვევაში, 90-იანი წლების პოპულარული ტკბილეული: მარსი და სნიკერსი ხვდებოდა.

ნარდი – რა ვიცით მის შესახებ?

ამ უძველესი აღმოსავლური თამაშის სამშობლო დღემდე უცნობია. მაგრამ არსებობს ისტორიული მტკიცებულება, რომ ადამიანები ნარდს 5000 წელზე მეტია თამაშობენ. ნარდის ერთ-ერთი ყველაზე უძველესი დაფა თანამედროვე ირანის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს. ის ჩვ.წ-აღ-მდე დაახლოებით 3000 წლით თარიღდება. ამ გასართობის ანალოგი ფარაონ ტუტანხამონის ( ჩვ.წ-აღ-მდე XV საუკუნე) სამარხში აღმოაჩინეს. თუმცა მაშინ სათამაშო დაფებს ქვისგან ამზადებდნენ, ხოლო კამათელს – ქვისგან, ზოგჯერ თიხისგანაც.

აღმოსავლური ფესვების მიუხედავად ნარდი მთელს მსოფლიოშია გავრცელებული და ყველგან განსხვავებული სახელწოდება აქვს. ესპანელები მას უბრალოდ “სამაგიდო თამაშს” – tablero-ს უწოდებენ, იტალიელები – tavola reale-ს, ფრანგები – trictrac-ს, ინგლისელები – backgammon-ს. ნარდის თამაშის თანამედროვე წესები 1743 წელს ინგლისელმა ედმონდ ჰოილმა დააწესა.

სომხებისთის ნარდი უბრალოდ გასართობი კი არა, ცხოვრების ერთგვარი წესია. ნარდს თამაშობენ ყველგან: სახლში, სტუმრად, პიკნიკებზეც კი. ნარდი შესანიშნავი საჩუქარია მისი მოყვარულებისათვის. ერევნის ცენტრში ნარდის მოთამაშის ძეგლიც კი დგას. მეორე მოთამაშის ადგილი ცარიელია, რათა ნებისმიერმა მსურველმა შეძლოს მასთან ჩამოჯდომა ფოტოს გადაღება.

შესაძლოა, მოკრძალებულად არ ჟღერს, მაგრამ სომეხი ერი ყოველთვის იყო გამომგონებელი და არასოდეს კმაყოფილდებოდა მიღწეულს. ერთ-ერთმა სომეხმა ინჟინერმა ნერსეს ნერსისიანმა ახალი თამაში – სამკაციანი ნარდი გამოიგონა. ერანარდი (რაც სომხურიდან ნიშნავს- ნარდი სამზე ) სომხეთის ინტელექტუალური საკუთრების სააგენტოში 1863 А2-ს ნომრით დააპატენტეს. თამაში სომხეთის ნარდის ფედერაციის ხელმძღვანელობამ დაამტკიცა.

როგორც Dalma News-ს განუცხადა ერანარდის გამომგონებელმა, სამკაციანი ნარდი ბევრად უფრო ხანგრძლივი თამაშია, თუმცა ტრადიციულზე უფრო საინტერესო, რადგანაც აქ საჭიროა სამ მოთამაშეზე ფიქრი. თამაშის წესი თითქმის იგივეა, მხოლოდ ახალ ვერსიაში სათამო დაფა უფრო დიდია. თეთრ და შავ კოჭებს დაემატა წითელი ფერის 15 კოჭი.

„ნარდსა და რეალურ ცხოვრებას შორის პარალელის გავლება შეიძლება. ცხოვრებაში შენს წინ მჯდომი ყოველთვის შენი მეტოქე არ არის. ძალიან ხშირად, გამოჩნდება მესამე, რომელიც ყველა სვლას შეცვლის ისე, რომ საკუთარ ინტერესებს მოიარგოს.

ასეა ერანარდშიც: ორ მოთმაშეს შეუძლია ერთის წინააღმდეგ გაერთიანდნენ, მაგრამ კოჭების განლაგებისა და კამათელის წყალობით ერთ-ერთი მოკავშირე ადვილად იქცევა მეტოქედ“,- ამბობს ნერსესი.

ერანარდი თანდათანობი პოპულარული თამაში ხდება. ნერსესმა უკვე ჩაატარა ოთხი ეროვნული ტურნირი. წლეულს ერევნის მერიამ ქალაქის დღის „ერებუნი-ერევანი“-ს დღესასწაულთან დაკარვშირებით გამართული ღონისძიებების ფარგლებში ტურნირის გამართვის პირობა დადო. ხოლო სამმხრივი ნარდის პოპულარიზაციისათვის, მონტე-კარლოს მაგალითზე, სადაც ტრადიციული ნარდის საერთაშორისო ტურნირი იმართება, ნერსეს სურს სომხეთში ერანარდის საერთაშორისო შეჯიბრს ჩაუყაროს საფუძველი.

ბოლო დროს შეინიშნება ტენდენცია, რომ ახალგაზრდობა ნარდის ტრადიციულ თამაშს ონლაინ-ვერსიას ამჯობინებს. ცხადია, მობილური აპლიკაციის ეს ფორმა უფრო მოსახერხებელია. იმედია სომეხი პროგრამისტები ერანარდის მობილურ აპლიკაციასაც გააცნობენ მთელ მსოფლიოს. საერთაშორისო შეჯიბრის ჩატარება და მობილური აპლიკაციის ვერსიის შექმნა სერიოზულ წვლილს შეიტანდა ჭეშმარიტად სომხური თამაშის – ერანარდის პოპულარიზაციაში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here