საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციას შორის გაფორმდა, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) თბილისის ოფისის მიერ, სპეციალურად საქართველოსთვის შექმნილი პროგრამული უზრუნველყოფის გადაცემის აქტი. ამიერიდან საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საშუალება ექნებათ ელექტრონულად, ვებ-გვერდის მეშვეობით, სახლიდან გაუსვლელად განთავსონ განაცხადი საკონსულო მომსახურების მისაღებად, ელექტრონულად წარადგინონ საჭირო დოკუმენტები.

ვებ-გვერდზე შესაძლებელია სრული ინფორმაციის მოძიება საკონსულო მომსახურებებსა და მათი მიღების პროცედურებზე, რაც საკონსულო მომსახურების პროცესის სრულ გამჭირვალობას უზრუნველყოფს. ყველა საკონსულო ფუნქცია ელექტრონულ ფორმატში განხორციელდება.

როგორც Dalma News-ს საგარეო უწყებაში განუცხადეს, პროექტი მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ ევროკავშირის დაფინანსებით განახორციელა. აქტის გაფორმების ცერემონიას ესწრებოდნენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეები, ვლადიმერ გურგენიძე და გიგი გიგიაძე, საქართველოში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მისიის ხელმძღვანელი, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე, ასევე, ჩეხეთის და პოლონეთის ელჩები საქართველოში.

მათივე განმარტებით, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაც და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმაც საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შემოღების ერთ-ერთ მნიშვნელოვან წინაპირობად, სწორედ საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიისა და ვიზის გაცემის პროცედურების გამარტივების შესახებ შეთანხმებების წარმატებულ იმპლემენტაციას მიიჩნევს.

რეადმისიის ელექტრონული სისტემაში ჩართულია საქართველოს საგარეო, შინაგან და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროები. ასევე პოლონეთის, გერმანიის, საფრანგეთის, შვეიცარიის, ბელგიის, ნიდერლანდების, ავსტრიის, ესპანეთის, საბერძნეთის, რუმინეთისა და ბულგარეთის მიგრაციის სამსახურები. უახლოეს მომავალში პროგრამაში ჩაერთვებიან იტალია, ირლანდია და ჩეხეთი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here