სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი, მინისტრის რანგში პირველად სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილს შეხვდა. დახურულ შეხვედრაზე მხარეებმა პენიტენციურ სისტემაში განხორციელებულ და მიმდინარე ცვლილებებზე ისაუბრეს, განიხილეს სახალხო დამცველის რეკომენდაციები და რეგულარულ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ კახა კახიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ომბუდსმენის აპარატთან სამინისტროს თანამშრომლობის ერთ-ერთი ძირითადი საერთო პრიორიტეტი მსჯავრდებულების უფლებების დაცვა და პრობლემის არსებობის შემთხვევაში, საჭირო ამოცანების დასახვაა.

სასჯელ აღსრულების მინისტრი და სახალხო დამცველი აქტიურ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ და მუდმივად, საჭიროებიდან გამომდინარე კვირაში, ან 2 კვირაში ერთხელ გამართავენ შეხვედრებს, სადაც სასჯელაღსრულების სისტემის გაუმჯობესების მიზნით ყველა მნიშვნელოვან საკითხს განვიხილავენ.

თავის მხრივ უჩა ნანუაშვილმა სასიამოვნო ფაქტი უწოდა იმას, რომ სასჯელაღსრულების ახალმა მინისტრმა პირველი სამუშაო დღის ნაწილი, სწორედ სახალხო დამცველთან ვიზიტს დაუთმო და იმედოვნებს, რომ ომბუდსმენის რეკომენდაციების შესრულების ხარისხი გაუმჯობესდება. მისივე ინფორმაციით, მინისტრთან სისტემაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს. “ეს არ არის მხოლოდ სიმბოლიზმი. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი რეკომენდაციების შესრულების ხარისხი გაიზრდება და დავსახავთ კონკრეტულ გზებს, რათა ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო ნაყოფიერი გახდეს”, – განაცხადა ნანუაშვილმა.

შეხვედრას სახალხო დამცველის პირველი მოადგილე პაატა ბელთაძე და მოადგილე ნათია კაციტაძე ესწრებოდნენ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here