საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის დახურვის ცერემონიას არ დაესწრება. ამის შესახებ მან ტელეკომპანია “მაესტროს” ეთერში განაცხადა.

მარგველაშვილის განმარტებით, მან გადაწყვეტილება პროტოკოლის დარღვევის გამო მიიღო.

“მე უნდა დავსწრებოდი კონკრეტული პროტოკოლით და კონკრეტული ვალდებულებები გამაჩნია, როგორც პრეზიდენტს. გარკვეული პროტოკოლის დაცვა იყო საჭირო, რომელიც სამწუხაროდ, ვერ იქნა დაცული. მცდელობა იყო, რომ ადეკვატური ფორმით მომხდარიყო პრეზიდენტის ჩართვა ამ პროცესში. ეს მცდელობა იყო ახლახან, დახურვასთან მიმართებაში, თუმცა არ მოხერხდა. მე არ მიმაჩნია, რომ ამ დეტალმა რამენაირად ჩრდილი უნდა მიაყენოს ამ ზეიმს”, – განაცხადა მარგველაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი ფესტივალის გახსნის ცერემონიასაც არ ესწრებოდა.

ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი დღეს, საზეიმო ვითარებაში დაიხურება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here