საქართველოს განათლებისა და მეცნიერების, თავდაცვისა და იუსტიციის სამინისტროებმა გააფორმეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც ქართული ჯარის პოპულარიზაციის ხელშეწყობისა და საზოგადოებაში პატრიოტული სულისკვეთების გაზრდისთვის ერთობლივი პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს.

მემორანდუმის ფარგლებში  სკოლის მოსწავლეებისთვის მოეწყობა საინფორმაციო-საგანმანათლებლო ექსკურსიები ქართულ საჯარისო დანაყოფებში, საჯარო სკოლებში ზოგადი განათლების საშუალო საფეხურზე განსაზღვრული არჩევითი საგნისთვის − “სამხედრო ისტორია და ეროვნული თავდაცვა” საგანმანათლებლო რესურსები ერთობლივად მომზადდდება, უწყებები ასევე, მონაწილეობას მიიღებენ უახლოესი ისტორიის სტანდარტებისა და პროგრამის გადამუშავებაში.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების,  თავდაცვისა და იუსტიციის სამინისტროები ითანამშრომლებენ პროექტ “წერილები ჯარისკაცებს”  ფარგლებში. პროექტი ითვალისწინებს სკოლის IV-V კლასების მოსწავლეების მიერ წერილების დაწერას და ამ წერილების საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილე ქართველ ჯარისკაცებთან გაგზავნას, ამასთან, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილე ქართველი ჯარისკაცებისგან საპასუხოდ მიღებული წერილების მოსწავლეებისთვის გადაცემას.

პროექტის მიზანია სამშობლოდან შორს მყოფი მებრძოლებისათვის თანადგომისა და მხარდაჭერის გამოხატვა, – აცხადებენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.

პროგრამა “წერილები ჯარისკაცებს” 2012 წლიდან ხორციელდება. მასში საქართველოს 50 სკოლის 3000-მდე მოსწავლეა ჩართული.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here