საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტორში იმედოვნებენ, რომ საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებას, ორგანიზაციის ყველა წევრი ქვეყანა წლის ბოლომდე დაასრულებს და დოკუმენტი ამოქმედდება. როგორ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძემ “ქორთიარდ მარიოტში” ჟურნალისტებს “ამბასადორიალი-2015” მიმდინარეობისას განუცხადა, ასოცირების შეთანხმება უკვე ევროკავშირის წევრი 24 ქვეყნის მიერაა რატიფიცირებული და პროცესი მხოლოდ ოთხ ქვეყანაშია დასასრულებელი. დოკუმენტი რატიფიცირებულია ასევე ევროპარლამენტშიც.

“ეს პროცესი დამოკიდებულია იმ შიდა სახელმწიფოებრივ პროცედურებზე, რომელიც თითოეულ ქვეყანაში უნდა დასრულდეს იმ თანამდებობის შესაბამისად რაც არსებობს”, – აცხადებს გიგი გიგიაძე.

სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” გამართული “ამბასადორიალი- 2015”-ში მონაწილე საქართველოს ელჩებმა ჟურნალისტებს ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების პროცესის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. კერძოდ, საბერძნეთი დოკუმენტის რატიფიცირებას სავარაუდოდ, წლის ბოლომდე მოახდენს, ხოლო იტალია ოქტომბერში. საფრანგეთში კი რატიფიცირების პროცესი სექტემბერში უნდა დასრულდეს.

როგორც საბერძნეთში საქართველოს ელჩმა იოსებ ნანობაშვილმა განმარტა, საბერძნეთში მძიმე პოლიტიკური კრიზისია, სადაც მიმდინარე წელს მთავრობა უკვე მესამედ დაითხოვეს. შესაბამისად 17 ივლისს არჩეულმა მთავრობამ საქართველო-ევროკავშირის შეთანხმების რატიფიკაციასთან დაკავშირებული შიდა სახელმწიფოებრივი პროცედურები 5 აგვისტოს დაასრულა და დოკუმენტი პარლამენტში გადაგზავნა. ახალი კრიზისისა და პარლამენტის დათხოვნის გამო, 20 სექტემბრის არჩევნების შემდეგ, დოკუმენტი პარლამენტში არ შესულა.

იტალიას რაც შეეხება, როგორც Dalma News -ს საქართველოს ელჩმა კახა სიხარულიძემ განუცხადა, იტალიის მთავრობამ სარატიფიკაციო დოკუმენტი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს უკვე გადაუგზავნა და შეთანხმების რატიფიკაცია დაახლოებით ერთ თვეში მოხდება. ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების პროცესი ფაქტობრივად დასრულებულია საფრანგეთშიც და ეს სექტემბრის ბოლომდე მოხდება.

საქართველოს ელჩის ეკა სირაძე-დელონის ინფორმაციით, პროცესი საფრანგეთში არ გაჭიანურებულა, უბრალოდ საფრანგეთი დიდი ქვეყანაა და ბევრი რამ აქვს გასაკეთებელი. შესაბამისად, მათი პროცედურული საკითხები საკმაოდ დიდ დროს საჭიროებს.

ელჩის თქმით, პროცესი ფაქტობრივად დასრულებულია და დარჩენილია ბოლო ეტაპი – სენატში კენჭისყრა. “პოლიტიკური გადაწყვეტილება არსებობს და საფრთხე, რომ კენჭი არ ეყაროს საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებას, არ არის”, – განაცხადა ეკა სირაძე-დელონემ.

ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების სრულად ასამოქმედებლად ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების მიერ დოკუმენტების რატიფიკაციაა საჭირო, ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობამ დოკუმენტის რატიფიკაცია უკვე მოახდინა, თუმცა, რამდენიმე ქვეყანას, სხვადასხვა მიზეზების გამო რატიფიცირება ჯერ კიდევ არ მოუხდენია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here