რუსეთი, აზერბაიჯანი და ირანი რეგიონში ახალ გეოპოლიტიკას ქმნიან

1224

ირანს, აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის ურთიერთობების ახალი ფორმატი რეგიონის მთელს გეოლოპოტიკურ სურათს შეცვლის, – დარწმუნებულია საინფორმაციო სააგენტო EADaily -ის კორესპონდენტი მაკსუდ ტალიბლი. ამგვარი დასკვნა მან 8 აგვისტოს, აზერბაიჯანის, რუსეთის და ირანის პრეზიდენტების ბაქოში შეხვედრისა და სხვადასხვა ექსპერტების მოსაზრებების მოსმენის შემდეგ გააკეთა. მსგავს “ცვლილებას” საფუძვლად “ჩრდილოეთ-სამხრეთის” სარკინიგზო პროექტის განხორციელება უდევს, ხოლო კასპიისპირა სამი ქვეყნის თანამშრომლობა, მათზე დასავლეთის მხრიდან გახორციელებული ზემოქმედების ფონზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

“ეს ისტორიული მოვლენაა. დღეს სამ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ახალი ფორმატი იქმნება”, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა სამიტზე.

ილჰამ ალიევს მიაჩნია, რომ საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის “ჩრდილოეთი-სამხრეთის” პროექტი უახლოეს მომავალში განხორციელდება. “ამ დროისათვის რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის სარკინიგზო კავშირი არსებობს. წელს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აზერბაიჯანი თავის რკინიგზას ირანის საზღვრებამდე მიიყვანს. ვიმედოვნებ, სასურველ შედეგს უახლოეს თვეებში მივაღწევთ”, – განაცხადა ალიევმა.

მისივე თქმით, ცოტა ხნის წინათ, აზერბაიჯან-ირანის საზღვარზე, მდინარე ასტარაზე სარკინიგზო ხიდის ფუნდამენტის ჩასხმის ცერემონიალი შედგა.

“ეს ინფრასტრუქტურული პროექტები “ჩრდილოეთი-სამხრეთის” სატრანსპორტო დერეფნის განუყოფელი ნაწილია. აღნიშნული დერეფანი სტრატეგიული მნიშვნელობის ტრანსნაციონალური პროექტია, რომლითაც მომავალში ბევრი ქვეყანა ისარგებლებს. იგი ძალზედ ეფექტიანი ეკონომიკური თვალსაზრისით… ვიმედოვნებ, ერთობლივი ძალისხმევით მალე შევძლებთ აღნიშნული პროექტის რეალიზებას”, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა და დასძინა, რომ პროექტი “ჩრდილოეთ-სამხრეთი” ძალზედ მომგებიანია სატრანზიტო ტვირთის გადასაზიდად საჭირო დროის დაზოგვის თვალსაზრისით.

თავის მხრივ, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ინსტიტუტის გენ.დირექტორმა ვლადიმერ ლეპეხინმა EADaily-ის კორესპონდენტთან საუბარში განაცხადა, რომ რეგიონის ლიდერებს შორის მოლაპარაკებების გამართვა გამოიწვის იმან, რომ კრემლი ამ მიმართულებით ახლო და შუა აღმოსავლეთში, კერძოდ ირანთან რუსეთის როლის გააქტიურების შესაძლებლობებს ეძებს…‏

ექსპერტს მიაჩნია, რომ კლასიკური მოკავშირული სისტემის შექმნის თვითმხილველები ვართ, სადაც აზერბაიჯანი და თურქეთი ერთიანდებიან.

“აზერბაიჯანის, ირანის და რუსეთის ლიდერების შეხვედრა ბაქოში ახალი ფურცელია თანამედროვე გეოპოლიტიკაში. მოვლენა დიდი ხნის მომწიფებულია, მაგრამ ცნობილი ძალები აფერხებდნენ, რადგანაც ისინი რეგიონის და თითოეული ზემოთ აღნიშნული ქვეყნის გაკონტროლებისკენ ისწრაფოდნენ. ცნობილია ისიც, თუ ვინ ახდენდა ეკონომიკური სანქციებით ირანზე ზემოქმედებას, დღეს კი იგივე მეთოდით რუსეთის დაჩოქებას ცდილობს. ისიც გასაგებია, თუ ვინ სცადა, რამდენიმე კვირის წინ თურქეთსა და სომხეთში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა, რათა ხელი შეეშალა რეგიონის ქვეყნების ერთმანეთთან დაახლოვების და დამოუკიდებელი, ოკეანის გაღმიდან სხვადასხვაგვარი შუამავლების ინტრიგების გარეშე, ტრანსრეგიონალური დიალოგის დაწყებისთვის. ვფიქრობ, ჩვენს ქვეყნებში ელიტა ხვდება, რომ დასავლეთი ინვესტიციების და ეკონომიკური განვითარების წყარო კი არ არის, არამედ თავის ტკივილის და ომის ესკალაციის წყარო”, – განაცხადა ექსპერტმა მაკსუდ თალიბლიმ.

ირანელი პოლიტოლოგის ჰადი დეჰჰან ბაზარაფშანის აზრით, კასპიისპირა რეგიონის სამი ქვეყნის თანამშრომლობა ძალზედ მნიშვნელოვანია დასავლეთის მიერ მათზე განხორციელებული ზემოქმედების თვალსაზრისით. “ირანის და რუსეთის, როგორც ორი რეგიონალური ლიდერის თანამშრომლობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს დასავლური სანქციების წინააღმდეგ საბრძოლველად, თეირანის და მოსკოვის პოზიციების განსამტკიცებლად და ასევე საერთაშორისო პოლიტიკური სისტემის შესაცვლელად”.

მისივე თქმით, რუსეთი არა მხოლოდ უდიდესი ქვეყანაა მსოფლიოში, არამედ მეორე სახელმწიფოა სამხედრო ძლიერების თვალსაზრისით და მსოფლიო პოლიტიკის ერთ-ერთი ლიდერი.

“რუსეთი ასევე ირანის ყველაზე სერიოზული მეზობელია. გეოპოლიტიკური მიზეზებით, დღეს, რუსეთი რეგიონალურ და საერთაშორისო პოლიტიკაში თავისი პოზიციების განმტკიცებას ცდილობს. მის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციები და ზემოქმედება, რაც უკრაინული კონფლიქტის და რუსეთისათვის ყირიმის შეერთების შედეგად განხორციელდა, ძალიან ჰგავს ირანის წინააღმდეგ ევროკავშირის და აშშ-ს სანქციებს. ვაშინგტონი ამ ზომების მეშვეობით ცდილობს არა მხოლოდ თავისი როლის გაძლიერებას მსოფლიო არენაზე, არამედ მოსკოვის პოზიციების შესუსტებას ჩვენს რეგიონში და საერთოდ, მთელს მსოფლიოში. ამ დროისთვის მისთვის მსოფლიო პოლიტიკაში ორი ძირითადი მოწინააღმდეგე – რუსეთის ფედერაცია და ირანის ისლამური რესპუბლიკა არსებობს, რომლებიც ამერიკული მიზნების სწრაფად და იოლად მიღწევას უშლიან ხელს. ამ მიზნების მისაღწევად აშშ ჩვენი ქვეყნის იზოლაციას ახდენს, ამიტომაც სამი ქვეყნის სამიტი ისტორიულია”, – განაცხადა ირანელმა პოლიტოლოგმა EADaily-ის ჟურნალისტთან საუბარში.

აზერბაიჯანელმა პოლიტოლოგმა ზარდუშტ ალიზადემ აზერბაიჯანის, ირანის და რუსეთის თანამშრომლობის ახალ ფორმატს დიდი წარმატება უწინასწარმეტყველა. იგი დარწმუნებულია, რომ აზერბაიჯანისთვის ურთიერთობების ასეთი მოდელი ძალზედ მომგებიანი აღმოჩნდება.

“ამ ფორმატის მთავარი საკითხი ჩრდილოეთი-სამხრეთის სარკინიგზო ხაზის პროექტის განხორციელებაა. როდესაც ახალი გზა ამუშავდება, აზერბაიჯანი, როგორც სატრანზიტო ქვეყანა სარგებელს მიიღებს და ამით ასობით მილიონ დოლარს გამოიმუშავებს. ეს რეგიონალური თანამშრომლობის შესანიშნავი შესაძლებლობაა და ბაქოს, მოსკოვის და თეირანის შესაბამისი ნაბიჯებიც მისასალმებელია”, – განაცხადა პოლიტოლოგმა.

ალიზადეს აზრით, სამი ქვეყნის თანამშრომლობის ეს ახალი საფეხური მსოფლიოში აზერბაიჯანის როლს გაზრდის. „თუკი რეგიონის ისეთი დიდი სახელმწიფოების – ირანის და რუსეთის ლიდერებმა სამიტის ჩატარების ადგილად ბაქო აირჩიეს, ეს აზერბაიჯანის, როგორც რეგიონის ქვეყნის, მზარდ მნიშვნელობაზე მეტყველებს. ამიტომაც დასავლეთთან ვინ გამოხატავს უკმაყოფილებას. რეგიონის ქვეყნებმა მჭიდრო თანამშრომლობა გადაწყვიტეს და ეს ყველასთვის მომგებიანია,“- დასძინა ალიზადემ.

როგორც EADaily-ის კორესპონდენტი მაქსუდ თალიბლი აცხადებს, სამიტის ფარგლებში გამართული სამმხრივი და ორმხრივი შეხვედრების შედეგად განხილული ყველა საკითხის მიმოხილვა რთულია. ამ საკითხებს შორისაა: კულტურის, ტურიზმის, განათლების სფეროებში თანამშრომლობა, ახალგაზრდების გაცვლითი პროგრამები, რეგიონის სამ ქვეყანას შორის პირდაპირი კავშირების განვითარებისთვის ხელის შეწყობა და ა.შ. მხარეებმა გადაწყვიტეს სამუშაო ჯგუფების შექმნა იმ ოლქებში, სადაც ურთიერთ დაინტერესება არსებობს. ანუ სახელმწიფოს მეთაურებმა ყველა ეს საკითხი შეათანხმეს, შესაბამისმა უწყებებმა კი საქმე ბოლომდე უნდა მიიყვანონ. თუმცა, ეს უკვე ტექნიკური ხასიათის საკითხებია. მაქსუდ თალიბლის აზრით, შეხვედრის მთავარი დასკვნა იმაში მდგომარეობს, რომ პროექტი „ჩრილოეთ-სამხრეთი“ მხოლოდ სატრანსპორტო, ან ენერგეტიკული დერეფანი არ არის. იგი სამივე ქვეყანას ტურისტების, ფინანსების, სხვადასხვა საქონლის დიდი ნაკადით უზრუნველყოფს. გაზრდის რეგიონის მიმზიდველობას და მალე განსაკუთრებულ, არა მხოლოდ ეკონომიკურ, არამედ პოლიტიკურ მნიშვნელობას შეიძენს.