საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ მედიის თავისუფლების მხრივ საქართველო პირველ ადგილზეა და რომელიმე სატელევიზიო თოქ-შოუ თუ დაიხურება, ეს კონკრეტული ტელევიზიის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებაა და არა ხელისუფლების.

“მესამე წელია, ქვეყანამ და მთავრობამ დაამტკიცეს, რომ მედიის თავისუფლების კუთხით პირველ ადგილზე ვართ და რაც არ უნდა ილაპარაკოთ, თქვენ და ოპონენტებმა, ეს მხოლოდ საუბარია. შედეგი არის ის, რომ მედია არის თავისუფალი. თუნდაც ის, რომ ნებისმიერ კრიტიკულ კითხვას გვისვამთ მთავრობის წარმომადგენლებს და არავითარი ზეწოლა ამ სამი წლის განმავლობაში არ ყოფილა მთავრობის მხრიდან, ეს არის აღიარება, ეს არის ფაქტი, ამას სჭირდება შეფასება და შესაბამისი დაფასებაც,” – განუცხადა პრემიერ-მინისტრმა დღეს ჟურნალისტებს დიდ დიღომში სარაგბო ბაზის გახსნისას და დასძინა, რომ არ აპირებს კომენტარები აკეთოს კონკრეტული ტელევიზიის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებაზე.

რამდნიმე დღის წინათ Dalma News-ი ტელეკომპანია “იმედზე” ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას საავტორო გადაცემა “რეაქციისა” და “იმედის კვირის” დახურვის შესახებ წერდა. არხის ხელმძღვანელობის განმარტებით, აპირებენ 2016 წლიდან მაყურებელს თვისობრივად ახალი გადაცემები შესთავაზონ. თავად ინგა გრიგოლია კი აცხადებს, რომ, როდესაც გადაცემა არის რეიტინგული, მომგებიანი და ის იხურება, ეს არის პრობლემა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here