შედეგების შეჯამების დროა. ეს არც ისე სახალისო, მაგრამ სასარგებლო საქმიანობაა. მით უფრო, რომ აზერბაიჯანის მოსახლეობისთვის აგვისტო ემოციურად საკმაოდ დატვირთული იყო. განვიცდიდით სხვა ადამიანების გარდაცვალებას, გვეშინოდა დევალვაციის, ვგრძნობდით, როგორ ახლოვდებოდა ისლამური სახელმწიფო და თვალყურს ვადევნებდით ფასების შემცირება-გაზრდას. თუმცა, ასეთ პირქუშ ფონზე მინიმუმ სასაცილო მოვლენებიც ხდებოდა…

შორტების გადაზედმეტება და გამოცდებზე ქულების უკმარისობა

აგვისტო ერთ-ერთი ასეთი მოვლენით დაიწყო, თუმცა ეს მოვლენა კი არა, პარტია იენი მუსავატის თავმჯდომარის ხაფიზ გაჯიევის გამონათქვამი იყო, რომელმაც სამართლიანი რისხვა დაატეხა… შორტებს.

„შორტებში გამოწყობილ მამაკაცებს უნდა დასცინოთ, შეარცხვინოთ და მჟავა გადაასხათ ფეხებზე, რათა აღრასოდეს ჩაიცვან შორტები“,- თქვა მან და ამგვარად დააყენა ფეხზე სოციალური ქსელის აზერბაიჯანული სეგმენტი. ამის საპასუხოდ, Facebook-ის მომხმარებლებმა შორტების დასაცავად კამპანია წამოიწყეს. კერძოდ, ამ მოკლე შარვლებში გამოწყობილები იღებდნენ ფოტოებს და აქვეყნებდნენ სოც.ქსელში წარწერით „მე ვიცვამ შორტებს“ (#MənŞortGeyinirəm). შემდეგ კი ქალაქის ცენტრში შორტებიანი მამაკაცების მსვლელობა მოაწყეს.

სანამ ახალგაზრდობა თავისი მუხლების გაშიშვლების უფლებას იცავდა, მისაღები გამოცდების შედეგებიც გამოქვეყნდა. სახელმწიფო და კერძო უმაღლეს სასწავლებლებში 6 555 ადგილი თავისუფალი აღმოჩნდა. უფრო მეტიც, გამოცდებზე გამსვლელი მინიმალური ქულა წლეულს მინიმალურზე დაბლა დაეცა. ზოგი ამაში საგანმანათლებლო სისტემას ადანაშაულებდა, ზოგი – თავად აბიტურიენტებს, ან მათ მშობლებს. ასეა თუ ისე, ფაქტი ფაქტად რჩება. სტუდენტების მიღების გეგმა მხოლოდ 83,12%-ით შესრულდა, 32 196 აბიტურიენტი გახდა სტუდენტი, ცარიელი ადგილები კი სასწრაფოდ უნდა შევსებულიყო.

ასეთ ვითარებაში განსაკუთრებით უჩვეულო იყო ის, რომ განათლების სისტემაში მომუშავე მოხელეები აბიტურიენტების ცოდნაში დაეჭვდნენ, რომლებიც უცხოურ უმაღლეს სასწავლებლებში გამოცდების გარეშე, მხოლოდ ატესტატის საფუძველზე მოხვდნენ. მოხელეებმა განაცხადეს, რომ ესენი არიან ის კურსდამთავრებულები, რომლებმაც აზერბაიჯანში ჩატარებულ მისაღებ გამოცდებზე 0-დან 100 ქულამდე დააგროვეს, ანუ პოტენციურად გამოუსადეგარი კადრები, რომლენიც მომავალში ქვეყანას სარგებელს ვერ მოუტანენ.

მანათის გაუფასურება და წამლების გაიაფება

სანამ 17 წლის მოზარდები ცხოვრების მნიშვნელოვან ეტაპზე, პროფესიის არჩევასთან დაკავშირებით ღელავდნენ, აზერბაიჯანის ეროვნული ვალუტა- მანათი თავისი არსებობის 23 წლისთავს აღნიშნავდა. საჩუქარი არც ისე სახარბიელო აღმოჩნდა – 1 ბარელი ნავთობი 44 $-მდე გაიაფდა, რამაც მანათი დევალვაციის საფრთხის წინაშე დააყენა. მოსახლეობამ მაშინვე დაიწყო დოლარების შეძენა და ვალუტის გადაცვლის პუნქტებთან კილომეტრიანი რიგებში გაჩნდა, ხოლო ბანკებში „ამერიკული რუბლის“ შეძენაზე ლიმიტი დააწესეს. მოსახლეობა უქმე დღეებში „შავი ორშაბათის“ მოლოდინში ხალისობდა. თუმცა ეროვნულმა ბანკმა ცრუ განგაშით შეპყრობილები დაამშვიდა და განაცხადა, რომ მინიმუმ წლის ბოლომდე დევალვაცია ამ მოხდებოდა.

აგვისტოს შუა რიცხვებში, გრიპისა და გაციების პერიოდის მოახლოვებასთან დაკავშირებით, დროული იყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნავთობის გარდა მედიკამენტებიც გაიაფდა. 25 აგვისტოს სატარიფო საბჭომ 801 დასახელების პრეპარატის გაიაფების შესახებ განაცხადა. გარდა ამისა, მედიკამენტების 46% ორმაგად, 24% კი სამმაგად გაიაფდა.

სიღარიბეს და ციხეს ვერსად გაექცევი

ზაფხულის ბოლო დღეც ხმაურიანი განცხადებებით იყო გამორჩეული. მშვიდობისა და დემოკრატიის ინსტიტუტის დირექტორ ლეილა იუმუსს სამშობლოს ღალატის, არალეგალური ბიზნესის,თაღლითობისა და გადასახადებისათვის თავის არიდების ბრალდებით 8 წელიწადნახევრით პატმრობა მიუსაჯეს, ხოლო მის მეუღლე არიფ იუნუსმა – 7 წლით. მასმედია და საზოგადოება აქტიურად განიხილავდა, ეს პოლიტიკური დაკვეთა იყო, თუ – განზრახ პოლიტიზირებული.

კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმე გაიხსნა თვის ბოლოს. ამჯერად არა დედაქალაქში, არამედ ქალაქ მინგიაჩევირში, სადაც პოლიციაში დაკითხვის დროს გარდაიცვალა ადგილობრივი მოქალაქე, 27 წლის ბახრუზ გაჯიევი. სამართალდამცველები ირწმუნებიან, რომ ნარკოტიკების გამო დაკავებული ახალგაზრდა თავად გადახტა ფანჯრიდან. გარდაცვლილის ოჯახის წევრები დარწმუნებულები არიან, რომ ის ან მოკლეს, ან თავად პოლიციელებმა მიიყვანეს თვითმკვლელობამდე. ეს ყველაფერი პოლიციელბსა და მოქალაქეებს შორის მწვავე დაპირისპირებაში გადაიზარდა. ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ ქალაქში შინაგანი ჯარები შეიყვანეს. დაიწყო გამოძიება, რომელიც, როგორც სჩანს, ბევრს ჩინის დაკარგვის ფასად დაუჯდება.

თუმცა, ყველაზე დიდი ხმაური ჟურნალისტ რასიმ ალიევის დაღუპვას მოჰყვა. წინასწარი ინფორმაციით, იგი სასიკვდილოდ სცემეს მას შემდეგ, რაც Facebook-ის თავის გვერდზე ადგილობრივი საფეხბურთო კლუბის “გაბალის” სპორტსმენი ჯავიდ ჰუსეინოვი გააკრიტიკა. ახალგაზრდა კორესპონდენტი ფარული სისხლდენით საავადმყოფოში გარდაიცვალა, ხოლო ჯავიდ ჰუსეინოვი, მისი რამოდენიმე მეგობარი და ნათესავი დააპატიმრეს. ჟურნალისტები, ცხადია, ძალიან მწვავედ გამოეხმაურნენ თავიანთი კოლეგის გარდაცვალების ფაქტს და ყველაფერთან ერთად ამ ტრაგედიაში ექიმებიც დაადანაშაულეს. მათი თქმით, მედიკოსებმა ახალგაზრდა ვერ გადაარჩინეს.

Et cetera

კიდევ რა მოხდა აგვისტოში…? სასიამოვნო ინფორმაციებს შორის იყო ის, რომ ქვეყნის მეთაურის უფროსმა ქალიშვილმა ლეილა ალიევმა (რომელსაც უკვე ჰყავს ორი ტყუპი ვაჟი) პატარა გოგონა იშვილა; მსოფლიოში უდიდეს ტექნოლოგიურ კონკურს «Microsoft Imagine Cup»-ზე აზერბაიჯანმა მეორე ადგილი დაიკავა; ქვეყანამ გოიგოლის ტბის სანაპიროზე მდებარე ულამაზესი ნაკრძალის, სადაც ჩვეულებრივ მოკვლდავებს არ უშვებდნენ, კარი დამთვალიერებლებს გაუღო… მართებულადაც არ უშვებდნენ, რადგანაც მოკვდავებმა იქაური ედემისებური კუთხე პირველივე დღეს დააბინძურეს. თუმცა, ეს უკვე სულ სხვა ისტორიაა.

ნარმინ ნოგტე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here