საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ეროვნული ბანკისა და ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, ლარის დასტაბილურება საშუალოვადიან პერსპექტივაში უნდა დაიწყოს.
როგორც ჟურნალისტებს ღარიბაშვილმა განუცხადა, ბოლო რამდენიმე კვირაა, რაც ლარის კურსთან დაკავშირებით საკოორდინაციო შეხვედრებს ხელმძღვანელობს. მისი თქმით, ეროვნული ბანკი და ფინანსთა სამინისტრო თანხმდებიან, რომ ლარის კურსი პიკზეა.

“ფინანსთა სამინისტროსა და ეროვნული ბანკის მხრიდან პოზიციები მოვისმინე, რომ ისინი მათ ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტსა და ბერკეტს გამოიყენებენ, რომ სიტუაცია მაქსიმალურად გააკონტროლონ. ფინანსთა სამინისტროსა და ეროვნულ ბანკს მჭიდრო კოორდინაცია აქვთ და ამ პროცესში ჩართულია მთავრობის ადმინისტრაციაც. თუ საჭირო გახდება, რეზერვების გამოყენება შეიძლება, ასევე საჭიროების შემთხვევაში ბიუჯეტიც გადაიხედება”, – განაცხადა პრემიერმა.

ღარიბაშვილი საზოგადოებას მოუწოდებს, სიმშვიდე შეინარჩუნოს, ემოციებსა და სპეკულაციებს არ აყვეს. “დანარჩენ პროცესს ეროვნულ ბანკთან ერთად ვმართავთ და უახლოეს პერიოდში მოსალოდნელია სიტუაციის დარეგულირება”, – დასძენს ღარიბაშვილი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here