ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში ხელისუფლების ჩარევას კატეგორიულად გამორიცხავს და განმარტავს, რომ პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის რევაზ არველაძის შეხვედრაზე მმართველი კოალიციის ზოგიერთი ლიდერის გამოჩენა პირადი მოსაზრებების გამოხატვას ნიშნავს და არა ჩარევას.

“ხელისუფლება არავითარ შემთხვევაში არ ჩაერევა არჩევნებში და ვერავინ გაბედავს ამას. ჩვენდა სამწუხაროდ, დღეს რასაც ვუყურებთ, 35 ადამიანს აქვს ხმის მიცემის უფლება. მოიძიეთ სხვა ნორმალურ ქვეყნებში როგორ ხდება, რამდენი დელეგატი ირჩევს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, რაც უფრო მეტი ადამიანი იქნება ჩართული ზოგადად, დემოკრატიული მიმართულებისთვის, ეს ძალიან მნიშვნელოვანი და მისასალმებელია”, – განაცხადა კალაძემ.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის მსურველთა განცხადებების მიღების ვადა დღეს ამოიწურება. ამ დროისთვის ფედერაციაში მხოლოდ სამი კანდიდატია დარეგისტრირებული – რევაზ არველაძე, ლევან კობიაშვილი და მამუკა კვარაცხელია.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავამ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის სხდომაზე დღეს განაცხადა. მისი თქმით, ხვალიდან ფედერაციას არჩევნებამდე მისი მოადგილე, ალექსანდრე ჩივაძე უხელმძღვანელებს. როგორც სიჭინავა განმარტავს, გადადგომის მიზეზი ერთ-ერთი კანდიდატის მხრიდან გაკეთებული განცხადებაა, რომ არჩევნებში არა მარტო იმერეთის გუბერნატორი, არამედ ყველა უნდა ჩაერიოს.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებით დღეს სტატია გამოაქვეყნა გაზეთმა “კვირის ქრონიკამ” სათაურით, “ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში “კანონიერი ქურდები” ჩაერთვნენ?”, სადაც ავტორი სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ე.წ. “კანონიერი ქურდები” საარჩევნო მარათონში რევაზ არველაძის სასარგებლოდ ჩაერთვნენ. კერძოდ, საუბარია პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის მერაბ ჟორდანიას მხარდამჭერის მიმართ მუქარაზე.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები 3 ოქტობერს გაიმართება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here