საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის სარკინიგზო ჯარების შეყვანას აპროტესტებს და მოსკოვისგან პროვოკაციული ქმედების დაუყოვნებლივ შეწყვეტას კატეგორიულად მოითხოვს. ქვეყნის საგარეო უწყებაში მიაჩნიათ, რომ რუსეთი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ოჩამჩირე-ენგურის რკინიგზის მონაკვეთის აღდგენითი სამუშაოების საბაბით შიყვანილ სარკინიგზო ჯარებს, შემდგომში ეფექტიანად გამოიყენებს სამხედრო ტექნიკის ტრანსპორტირებისთვის.

“2008 წლის აგვისტოში საქართველოში ინტერვენციამდე, რუსეთმა ასევე უკანონოდ დაიწყო აფხაზეთის რეგიონში რკინიგზის მონაკვეთის აღდგენა და საქართველოს ტერიტორიაზე სარკინიგზო ჯარები შემოიყვანა, რაც შემდგომში ეფექტიანად გამოიყენა საჯარისო ნაწილებისა და ტექნიკის ტრანსპორტირებისთვის სამხედრო მოქმედებების დროს,” – ნათქვამია ქვეყნის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ოფიციალური თბილისი რუსეთის ფედერაციისგან საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების პატივისცემას, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების შესრულებასა და საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციას მოითხოვს. საერთაშორისო თანამეგობრობას კი მოუწოდებს, სათანადო ზომები მიიღონ, რათა არ დაუშვან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ რუსეთის მორიგი აგრესია.

რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე დიმიტრი ბულგაკოვმა რამდენიმე დღის წინათ განაცხადა, რომ რუსი სამხედროები აფხაზეთში სარკინიგზო მიმოსვლის მოსაწესრიგებლად მუშაობენ და, რომ რუსეთის სარკინიგზო ჯარები ივლისში აფხაზეთში სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის მიზნით გაიგზავნა.

“აფხაზეთის ხელისუფლების თხოვნის საფუძველზე, რუსეთის სარკინიგზო ძალები აფხაზეთში ჩავიდნენ ივლისში. ყველა სამუშაო მშვიდობიანი მოსახლეობის ინტერესების ფარგლებში ხორციელდება და მისი მიზანია რესპუბლიკის ფარგლებში სარკინიგზო მიმოსვლის დარეგულირება”, – განაცხადა ბულგაკოვმა.

მისივე ინფორმაციით, საუბარია ოჩამჩირედან ენგურამდე, 33 კილომეტრიანი სარკინიგზო მაგისტრალის აღდგენაზე, რომელიც 1992-1993 წლების ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შემდეგ აღარ ფუნქციონირებდა. რკინიგზის აღდგენაზე რუსეთის სარკინიგზო ჯარების 500 სამხედრო და 50 ერთეული სპეცტექნიკა მუშაობს. რუსული მხარის ვარაუდით სამუშაოები მიმდინარე წლის დეკემბერში დასრულდება.

რუსი სამხედროების მიერ აფხაზეთში სარკინიგზო მიმოსვლის მოსაწესრიგებელ სამუშაოებს ქართული მხარე გამოეხმაურა. პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ მომხდარს უკანონო ქმედება უწოდა და საერთაშორისო კანონის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპების სრულ იგნორირებად შეაფასა.

“ამის გაჩერების საშუალება ჩვენ რეალურად არ გვაქვს. თუ დავიწყებთ ამის განხილვას, პასუხი რუსეთის მხრიდან იქნება ფორმალური, – ამის შესახებ ესუბრეთ აფხაზებს და აფხაზებთან ჩვენ ამის თაობაზე არ ვსაუბრობთ”, – განაცხადა აბაშიძემ “საზოგადოებრივ მაუწყებელთან” საუბრისას.

ამ საკითხზე კომენტარი გააკეთა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმაც და განაცხადა, რომ საქართველოსთან მოლაპარაკებების გარეშე რკინიგზა ვერ აღდგება.

“ეს არის მორიგი ჩიხი… ეს ხდება ერთი მიზეზით, პროვოკაციაზე წამოაგონ ქართული საზოგადოების ნაწილი. გრძელდება საოკუპაციო რეჟიმის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ათვისება, თუმცა ეს ყველაზე არარენტაბელურია, რადგან მას არანაირი გამოსავალი არ ექნება, თუ რა თქმა უნდა მთლიანად გამჭოლი რკინიგზა არ იქნება მთელს საქართველოს ტერიტორიაზე. ამასთან დაკავშირებით კი არანაირი მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს,” – აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი.

პოლიტიკური პარტია “საქართველოს ევროპელი დემოკრატების” თავმჯდომარე პაატა დავითაიას აზრით, რუსეთი, ან საომარი მოქმედებებისთვის ემზადება, ან არსებობს საიდუმლო შეთანხმება.

“ოჩამჩირედან ენგურამდე 2008 წლის შემდეგ მატარებელს არ უვლია. 2 მომენტია- რკინიგზა, ან საომარი მოქმედებების დასაწყებად სჭირდებათ, ან არსებობს შეთანხმება საქართველოს, აფხაზეთსა და რუსეთს შორის,” – აცხადებს პაატა დავითაია და წინა წლების რუსეთის მსგავს ქმედებებსა და პროცესებს შორის პარალელებს ავლებს.

მისი თქმით, რუსეთმა 2005 წელს დაიწყო სოხუმი-აგერის მიმართულებით რკინიგზის აღდგენა. “2008 წლის აგვისტოს ომამადე ორი კვირით ადრე შემოვიდა, რუსეთის რკინიგზის ჯარების დაახლოებით 800 კაცი, რომლებმაც უცებ აღადგინეს რკინიგზა ენგურის ხიდამდე. 2008 წელმა აჩვენა, რომ ეს სამხედრო მძიმე ტექნიკისთვის დასჭირდათ,” – ამბობს პაატა დავითაია.

ამ საკითხზე საქართველოს მთავრობასთან რაიმე მოპალარაკებების არსებობას გამორიცხავს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი და დიპლომატიური ძალისხმევის გააქტიურებაზე საუბრობს. მისი თქმით, რუსი სამხედროების მიერ გაწმენდილ რკინიგზას მომავალში, ქვეყნის მთავრობა ქართველი და აფხაზი ხალხის ერთობლივი თანაცხოვრებისთვის გამოიყენებს.

“ოკუპირებულ ტერიტორიაზე მომხდარ მსგავს ფაქტებს შეიძლება დავუპირისპიროთ მხოლოდ საერთაშორისო მობილიზაცია და ის დიპლომატიური ძალისხმევა. წინა კვირას ჩემი ვაშინგტონში ვიზიტი ამის კარგი მაგალითი იყო – თუ რა დონეზე შეგიძლია ასწიო თემა და რა დონეზე მნიშვნელოვან და ღირებულ საკითხად აქციო ის შენი პარტნიორებისთვის. ეს არის ჩვენი პოლიტიკის ამოცანა ამ წუთისთვის – იყო მუდმივად დღის წესრიგში და გყავდეს საერთაშორისო თანამეგობრობა მობილიზებული ყველაზე უფრო მძიმე და ცუდი სცენარებისთვის,” – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

განსხვავებული ხედვა აქვთ მმართველი კოალიცია “ქართული ოცნების” დეპუტატებს. კერძოდ, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე აცხადებს, რომ რკინიგზის ხაზის აღდგენაზე საუბარი ყოველთვის იყო, მაგრამ ამ თემაზე ხმამაღლა არავინ საუბრობდა.

ტყემალაძე რკინიგზის ხაზების გაწმენდაში პრობლემას ვერ ხედავს და მიაჩნია, რომ ეს შიდა მოხმარებისათვის იქნება მანამდე, სანამ იქ საქართველოს იურისდიქცია არ ვრცელდება.

“საუბრები ჯერ კიდევ 90-იან წლებშიც იყო და წინა ხელისუფლების პირპობებშიც. დღევანდელი ხელისუფლება ამ საკითხზე არ საუბრობს, მაგრამ მუშაობის დაწყება ცუდი არ იქნება. ამ თემაზე აქტიური საუბარი უნდა დაიწყოს, ოღონდ ლტოლვილების დაუბრუნებასთან ერთად და ეს კარგი იქნებოდა”- აცხადებს დეპუტატი.

სპეციალურად Dalma News -სთვის შორენა პაპაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here