ევროკავშირის გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ყოფილი ევროკომისარი შტეფან ფულე მიიჩნევს, რომ მიგრანტთა კრიზისი ევროპაში საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესს ხელს არ შეუშლის. ამის შესახებ ფულემ თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე – “ევროპის ახალი გეოპოლიტიკური ლანდშაფტი: უსაფრთხოება, ეკონომიკური შესაძლებლობები, თავისუფლება და ადამიანური ღირსება ფრონტისპირა ქვეყნებში” განაცხადა.

ყოფილი ევროკომისრის თქმით, ევროკავშირისთვის ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები გამოწვევაა, თუმცა დასძენს, რომ საქართველოს რეფორმები და განვითარება სათანადოდ უნდა შეფასდეს.„რაც ევროპაში ხდება, რა თქმა უნდა, დიდი გამოწვევაა, თუმცა მიმაჩნია, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესზე ეს გავლენას ვერ მოახდენს. ევროპამ უნდა შეაფასოს ის პროგრესი, რასაც საქართველომ მიაღწია ამ გზაზე”, – განაცხადა ფულემ.

აღმოსავლეთ ევროპიდან სირიელი მიგრანტების დასავლეთით გადაყვანის პროცესი გრძელდება. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციით, 2015 წლის დასაწყისიდან დღემდე, 2500 არალეგალი დაიღუპა, რომლებიც ევროპაში შეღწევას ზღვით ცდილობდნენ.გაეროს მონაცემებით, წლის დასაწყისიდან ევროპის საზღვარი 300 000-მა მიგრანტმა გადაკვეთა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here