SHARE

ოპერის “ოსკარის” მფლობელი, საუკეთესო მეცო-სოპრანოდ აღიარებული ნინო სურგულაძე, ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ბავშვი იყო. ენერგიული, სიცოცხლით სავსე თვალებით, ლამაზი ხმის ტემბრით, საოცრად არტისტული. მომღერლის კარიერა თბილისის ანასტასია ვირსალაძის სახელობის ხელოვნების სკოლიდან დაიწყო.

surguladze_9-1მონაწილეობდა მიუზიკლებში, ჰქონდა სოლო კარიერა ესტრადაზე. იღებდნენ ფილმებში და ერთ დღესაც, ქართველ მაყურებელს ნინო სურგულაძე მსოფლიო დონის მეცო – სოპრანოდ მოევლინა.

მისი თაობის წარმომადგენლებს დღემდე ახსოვთ ნინოს კინო როლები ფილმებში “მეტიჩარა”, “მარტივი პასიანსი”, “ვალსი პეჩორაზე”, რეჟისორ ლანა ღოღობერიძის ამ ფილმმა მას, მთავარი როლისათვის ჟენევის კინო ფილმების ფესტივალის სპეციალური პრიზი მოუტანა. თუმცა სამსახიობო კარიერას მუსიკა ამჯობინა და ახალი წარმატებების ძიებაში, გასული საუკუნის მძიმე, 90-იან წლებში, როდესაც საქართველოში უძრაობის ხანა იდგა და თბილისი დაძაბული პოლიტიკური ცხოვრებით ცხოვრობდა, სიცოცხლით სავსე გოგონამ დინების საწინააღმდეგოდ წასვლა არჩია და წარმატებამაც არ დააყოვნა. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში სწავლის დამთავრების შემდეგ, 2001 წელს იტალიაში გაემგზავრა და ლა სკალას აკადემიაში განაგრძო სწავლა. მანამდე კი იყო, ბარსელონაში, ვინიასის სახელობის საერთაშორისო კონკურსის II პრემია და სამი სპეციალური პრიზი.

როგორც თავად ამბობს, ეს დაუღალავი შრომის შედეგი იყო. 19 წლის გოგონამ, თანატოლებთან გართობას ჩაკეტილი ცხოვრება არჩია და მიზნად გამარჯვება დაისახა. არც ცხოვრების ნულიდან დაწყების შეშინებია, არც სამშობლოში მიღწეულ წარმატებებს გაუბრუებია. 24 წლის ნინო სურგულაძე უკვე ლა სკალას სცენაზე იდგა და მსოფლიო დონის საოპერო მომღერლების ვარსკვლავთ ცვენაში, საპაექროდ კვლავაც იწვევდა საკუთარ თავს. 2002 წელს ახალგაზრდა ქართველმა მეცო – სოპრანომ ლა სკალას სეზონი გახსნა.
gruzinskaya-opernaya-pevica-nino-surguladze-stala-obladatelnicey-opernogo-oskara

ნინო არასდროს კმაყოფილდება მიღწეულით და როგორც თავად ამბობს, არასდროს სჯერდება მიღწეულს. არ ელოდება ცხოვრების მატარებლის გაჩერებას, გაქანებულ მატარებელზე შეხტომა ურჩევნია. კარიერულ წარმატებას მშობლებს უმადლის, რომლებიც შვილის მომავლისთვის დაუფიქრებლად ამბობდნენ უარს საკუთარ სურვილებზე და დღესაც ნინოს ყველაზე მკაცრი და ობიექტური შემფასებლები არიან.

ნინოს დადებით მხარეებზე საუბარი დაუსრულებლად შეიძლება. შესაძლოა მის შეფასებებში სუბიექტურიც ვიყო, რადგან თავს, მისი ნიჭის თაყვანისმცემელთა სიაში მოვიაზრებ. მის კინო გმირებთან ერთად ვიზრდებოდი, მისი სასცენო გამოსვლების და მუსიკალური სპექტაკლების ერთგული მაყურებელი ვიყავი და იმ გაუსაძლის, მძიმე წლებში, გაუცნობიერებელი სიხარულით მიხაროდა ჩემი თაობის თითოეული ახალგაზრდის წარმატება.

დღეს ნინო მსოფლიოს სხვადასხვა საოპერო თეატრებთან აქვს კონტრაქტები. მრავალფეროვანია მისი რეპერტუარი. გამოდის მსოფლიო საოპერო სცენებზე: რომი, ლონდონი, გენუა, ტოკიო, ბარსელონა, მილანი, ჰამბურგი, პარმა, ნეაპოლი, ნიუ-იორკი, გრაცი, ვერონა, ჩიკაგო, თელავივი, ფრანქფურტი, ტურინი, ზალცბურგი, სეული და სხვა მრავალი. შესრულებული აქვს წამყვანი პარტიები ბიზეს, ვერდის, შოსტაკოვიჩის, ოფენბახის, მოცარტის, ჩაიკოვსკის, ბელინის ოპერებიდან.

“რომეო და ჯულიეტა”. 1830 წელს იტალიელმა კომპოზიტორმა ვინჩენცო ბელინიმ, შექსპირის ნაწარმოებზე შექმნა ოპერა “კაპულეტები და მონტეკები”. ბელინის შემოქმედება ბევრს ნიშნავდა XIX საუკუნეში საოპერო მუსიკის განვითარებაში. შექსპირისეული სიყვარულის შთაგონებით შექმნილი მისი ოპერა პირველად 1830 წელს, ვენეციაში დაიდგა, სადაც რომეოსა და ჯულიეტას პარტიები დებმა ჯუდიტ და ჯულია გრიზლებმა შეასრულეს.

1,5 საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ, ნორვეგიის ბერგენის ნაციონალური თეატრის სცენაზე, ბელინის ოპერაში რომეოს როლი ქართველმა მეცო – სოპრანო ნინო სურგულაძემ მოირგო და ნორვეგიელ მაყურებელზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა. აი, რას წერს სპექტაკლის შესახებ ნორვეგიული პრესა:

“ნინო სურგულაძის არაჩვეულებრივად კონტროლირებული და თბილი დაბალი რეგისტრი, უმცირეს დეტალამდე ეწყობოდა ჯულიეტას, კრისტინა მხითარიანის ხმას. მათ ისე სრულყოფილად, ბუნებრივად და სენსუალურად იმღერეს, თითქოს ერთი სხეული ყოფილიყვნენ”…

15423532_10208254173695294_197889882_nროგორ მიიწვიეს სპექტაკლზე, რა სირთულეებს წააწყდა მამაკაცის როლზე მუშაობისას და აპირებს თუ არა კინოში დაბრუნებას, ამის შესახებ Dalma News-ს ნინო სურგულაძე ესაუბრა.

– ორი წლის წინათ, ნორვეგიის ბერგენის ნაციონალურ თეატრში შევასრულე, ჯუზეპე ვერდის ოპერა “აიდა” – დან ამნერისის პარტია საკონცერტო ფორმით. სულ სამი დღით ვიყავი ჩასული. სწორედ ამ სპექტაკლს მოჰყვა მათი მხრიდან ჩემი მიწვევა რომეოს პარტიაზე. მეცო სოპრანოები ხშირად ვასრულებთ მამაკაცის პარტიებს. ეს ოპერაში მიღებული ფორმაა. მაგრამ ბელინის რომეო არასდროს შემისრულებია. ჩემთვისაც საინტერესო ექსპერიმენტი იყო. საოცრად ლამაზია თავად ბელინის მუსიკა, დრამატული და იმავდროულად ლირიული. ძალიან კარგი პარტნიორი მყავდა ქრისტინე მხიტარიანის სახით. პარტნიორს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. სპექტაკლი გერმანელმა რეჟისორმა ნიკოლა რააბიმ დადგა. ეს ქალბატონი ცნობილია თავისი ორიგინალური დადგმებით. მასთან მუშაობა საინტერესოც იყო და შრომატევადიც. მან მაყურებელს შექსპირის ნაწარმიების თანამედროვე ვერსია შესთავაზა, მაგრამ მისი რეჟისურა გადაჭარბებული არ ყოფილა. ვკაპულეტები და მონტეკები რააბის სპექტაკლში წარმოდგენილნი იყვნენ შავ-თეთრი სამყაროს სახით. ეს იყო სიკეთის და ბოროტების ერთგვარი ჭიდილი, რომელიც ცხოვრებას თან სდევს.

– ხანგრძლივი რეპეტიციები გქონდათ?

– დაახლოებით 6 კვირა ვიმუშავეთ. დღეში თითქმის 8 საათი. ეს არ იყო ადვილი. ვოკალური თვალსაზრისით, რომეოს პარტია საკმაოდ რთული შესასრულებელია მეცო სოპრანოსთვის. ძალიან ბევრი მოძრაობა მიწევდა სცენაზე. მთელი სპექტაკლის განმავლობაში, თითქმის ერთი მეტრის და მეტის სიმაღლიდან, რამდენჯერმე უნდა ჩამოვმხტარიყავი. ხან ორმოში ვიყავი, ხან ვფარიკაობდი, თან უნდა მემღერა. ეს საკმაოდ რთულია. საბოლოო ჯამში მაყურებელმა ძალიან თბილად მიიღო სპექტაკლი. მე კიდევ უფრო მეტად დავაფასე ნორვეგიელი მაყურებელი, ძალიან თბილი და ემოციური.

– მამკაცის როლის პირველი არ ყოფილა თქვენს რეპერტუარში, რა იყო მანამდე?

– სექსტუსი, მოცარტის მოწყალე ტიტუსში, ნიკლაუსი გოფმანის ზღაპრებში. შექსპირის რომეო და ჯულიეტას სხვა საოპერო დადგმაშიც მქონდა მანამდე მიღებული მონაწილეობა. იქაც მამაკაცს ვანსახიერებდი, რომეოს მეგობარ სტეფანოსს. ამჯერად კი, თავად რომეოს. ძალიან კარგი გამოცდილება მივიღე და საინტერესო სამუშაო იყო.

– როგორია თქვენი შინაგანი განწყობა, როდესაც მამაკაცს ანსახიერებთ?

– რეპეტიციების დროს მახსენდებოდა ფილმი “ჯაზში მხოლოდ ქალიშვილებია”. სადაც მთავარი გმირი თავის თავს ხშირად ეუბნება, – მე ქალი ვარ. მე კი თავს თეატრის დერეფნებში ხშირად ვუმეორებდი, – მე მამაკაცი ვარ. როლზე მუშაობისას მაქსიმალურად შევდივარ პერსონაჟში, ისე, რომ ყოველდღიურობაშიც გადამდის. შეიძლება ეს გამოიხატოს მოძრაობაში, სიარულში. როცა მთავრდება სპექტაკლი, ძალიან დიდხანს მიმყვება ჩემი პერსონაჟის ქცევები. თითქოს ჩემი სიარულის მანერაც მამაკაცური გახდა, ახლა ცოტა გადამიარა (იცინის). შენ თვითონ იმდენად უნდა გჯეროდეს ამ ყველაფრის, რომ მაყურებელიც ამაში დაარწმუნო. თუმცა, მაინც უნდა ეცადო ბუნებრივი იყო. ვცდილობდი, ჩემი მოძრაობა და მიმიკა, ჩემს წარმოდგენაში რომეოს პერსონაჟთან მაქსიმალურად მიახლოებული ყოფილიყო.

– ფარიკაობის ილეთები სპექტაკლისთვის ისწავლეთ, თუ მანამდეც დაინტერესებულხართ სპორტის ამ სახეობით?

– ფარიკაობის შესაძლებლობა მანამდეც მქონდა, მაგრამ ნამდვილი იარაღით არასოდეს. ამ შემთხვევაში ნამდვილი რაპირა მეჭირა, რომელიც ჩემზე გრძელი იყო (იცინის). ამისთვის ძალიან კარგი სპეციალისტი ჩამოვიდა ამისთვის ნორვეგიაში, რომელიც მუშაობდა სოლისტებთანაც და გუნდთანაც. ფარიკაობის გაკვეთილებს ცალკე საათები ეთმობოდა. სახლშიც ვვარჯიშობდი, რომ სხეულში მაქსიმალურად გამჯდარიყო. ამ ყველაფერს ძალიან ბევრი მუშაობა, რეპეტიცია და ფიქრი სჭირდება, რომ ყველაფერი შიგნიდან წამოსულიყო. ბელინის რომეო შექსპირის რომეოსგან განსხვავებულია, ის ნამდვილი გმირია და ბოლომდე იბრძვის თავისი სიყვარულისთვის.

– ძალიან საინტერესო ფოტოსესია გქონდათ რეპეტიციების პარალელურად…

15450946_10208254170815222_1143738482_n

– როგორც დავაკვირდი, ევროპაში, ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ პიარს. ეს ფოტოსესია პიარ -კამპანიის ნაწილი იყო. ძალიან მომეწონა, როგორ ამზადებდნენ ვიდეორგოლებს. ბოლო სპექტაკლი ფეისბუქით პირდაპირი ეთერით გავიდა. დაახლოებით 12 კამერით იღებდნენ, რომ რაც შეიძლება მეტი მაყურებელი ჰყოლოდა სპექტაკლს, არა მხოლოდ ნორვეგიაში, არამედ მთელს მსოფლიოში. ეს მნიშვნელოვანია თეატრისთვის, საოპერო ჟანრისთვის, მისი პოპულარიზაციისთვის. ჩემთვის ძალიან საინტერესო იყოს ისიც, რომ ბევრ ახალგაზრდა მაყურებელს ვხედავდი დარბაზში. გენერალურ რეპეტიციაზე დაახლოებით 15-16 წლის ასაკის 750 ბავშვი დაგვესწრო. ეს ყველაზე გენიალური მსმენელი იყო. ამან კიდევ მეტად დამაიმედა, რომ საოპერო ჟანრს და კლასიკურ მუსიკას აქვს მომავალი.

– როგორ შემოვიდა ოპერა ნინო სურგულაძის ცხოვრებაში?

– საკმაოდ საინტერესოდ. ბავშვობაში ამაზე არ ვოცნებობდი და უფრო კინოზე და თეატრზე ვფიქრობდი. ყველაფერი თავისთავად მოხდა. მამა ძალიან ხშირად მასმენინებდა ოპერას. დიდი მნიშვნელობა აქვს, როდესაც ბავშვი, თუნდაც პასიურად, უსმენს მუსიკას, ის შედის მის ცხოვრებაში. კონსერვატორიაში სწავლის დროსაც არ ვიყავი ბოლომდე დარწმუნებული, რომ ოპერის მომღერალი გავხდებოდი. მაგრამ, დროთა განმავლობაში შემიყვარდა ეს საქმე და მიმაჩნია, რომ ეს ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი დიდი სიყვარულია. იმიტომ, რომ ეს არ არის მხოლოდ ჩემი სამუშაო, არამედ ჩემი ძალიან დიდი გრძნობა და ემოცია.

– პირადი ცხოვრებისთვის თუ იცლით?

– პირადი ცხოვრებისთვის ძალიან ცოტა დრო მრჩება. ჩემს საყვარელ საქმეს ძალიან დიდი დრო და რესურსი მიაქვს. ამას დაემატა ფონდი. თუმცა ეს იმას არ ნიშანვს, რომ არ ვფიქრობ პირად მომავალზე.

– შემოთავაზების შემთხვევაში თუ დათანხმდებით ფილმში გადაღებას?

15423691_10208254173655293_412322753_n– საინტერესო სცენარი თუ იქნება, შესაძლოა ამას გარკვეული დრო დავუთმო. გადატვირთული გრაფიკის გამო, ამას ცოტა რთულად ვუყურებ, მაგრამ ძალიან საინტერესო გამოწვევა იქნებოდა, როგორ გავართმევ თავს ფილმზე მუშაობას. თეატრი სხვა სპეციფიკაა, კინო სხვა. ბავშვობაში სხვა გულწრფელობაა და უფრო ადვილი იყო ეს ყველაფერი. მე არ ვთამაშობ, არამედ ვცხოვრობ ჩემი როლებით. განვიცდი იმას, რასაც შეიძლება განიცდიდეს ჩემი პერსონაჟი. კინოშიც შესაბამისად ეს არის საჭირო.

– რამდენად სშირად ხართ თბილისში?

– ვცდილობ მაქსიმალურად ვიყო სამშობლოში, ძალიან მიყვარს საქართველო. ჩემი ოჯახი აქ არის და მენატრებიან ჩემი მშობლები, ჩემი ძმა, ძმისშვილები, რომლებიც თვალსა და ხელს შუა დაიზარდნენ. ჩემი მშობლებიც უკვე ასაკში არიან და მეტ ყურადღებას საჭიროებენ. მეგობრები, ფონდი, რომელიც მჭიდროდ მაკავშირებს საქართველოსთან. ასევე მაქვს ბევრი იდეა და სამომავლოდ მინდა განვახორციელო. სანამ ვართ ამ ქვეყანაზე, ჩვენი ენერგია მაქსიმალურად უნდა ჩავდოთ ბევრ საინტერესო საქმეში, იმიტომ, რომ დრო უკან არ ბრუნდება. ჩემის აზრით, შეძლებისდაგვარად მაქსიმუმი უნდა გააკეთო ადამიანმა, როგორც საკუთარი თავისთვის, ისე სხვებისთვის. ძირითადად საზღვარგარეთ ვარ, მაგრამ, როგორც კი დრო გამომიჩნდება, საქართველოში მოვდივარ.

– თქვენ გაქვთ ფონდი “ნატვრის ხე”, რომელიც უკვე ბევრ ბავშვს დაეხმარა და მათი სიცოცხლე იხსენა. ქალი, რომელსაც ჯერ არ გამოგიცდიათ დედობრივი გრძნობა, მაგრამ უამრავ ბავშვზე ზრუნავთ. ხშირ შემთხვევაში ასეთ საქმიანობას უკვე შემდგარი დედები და დიასახლისები ჰკიდებენ ხელს. თქვენი ასაკისა და მდგომარეობისთვის ეს უცხო არ არის?

– მე ბავშვი აღარ ვარ. საკმაოდ დიდი ვარ. გარდა ამისა, ვგრძნობ, რომ მაქვს საჭირო ენერგია. სწორედ იმიტომ, რომ ჯერ არ მაქვს საკუთარი ოჯახი და შემიძლია ვიზრუნო სხვებზე. არა მგონია, რამე შეიცვალოს, როდესაც ოჯახს შევქმნი. რა თქმა უნდა, იოჯახი ძალიან დიდ დროს წაიღებს, ეს დიდი პასუხისმგებლობაა. ყველა ადამიანს აქვს თავისი გზა და რასაც გულით გრძნობს ის უნდა გააკეთოს. ჩემი პროფესია მაძლევს იმის საშუალებას, რომ გავაკეთო ეს საქმე. ფონდი არ არის დიდი, ფაქტობრივად 4 ადამიანი ვართ. შეგნებულად ვინარჩუნებთ ფონდში თანამშრომლების მცირე შემადგენლობას, რათა დანახარჯი მინიმალური იყო. ფონდის მიზანია ბავშვებზე ზრუნვა, მასშტაბური კონცერტების გამართვა, ამ ყოველივეში გვერდში გვიდგანან უცხოელი მეგობრები და თითოეული მოქალაქე. დიდი ბედნიერებაა, რომ გამიმართლა და მაქვს საშუალება ასეთი კონცერტები გავმართო. რითიც შეგვიძლია დავეხმაროთ ბავშვებს და მათი სიცოცხლე გადავარჩინოთ ყველასთან ერთად. ამაში დიდი წვლილი პირველ რიგში კომპანია “სოკარს” მიუძღვის, ასევე, თბილისის მერიას და კულტურის სამინისტროს.

– სამომავლო გეგმები…

15380789_10154782361969491_2459932125208855189_n– 28 დეკემბერს ფონდი მორიგ საქველმოქმედო ღონისძიებას გეგმავს თბილისის ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, სადაც საღმოს 20:30 საათზე “ნატვრის ხე”, კომპანია “სოკარი” და ტელეკომპანია “იმედი”, ქართველ და უცხოელ მონაწილეებთან ერთად საახალწლო გალა -კონცერტს გამართავს. ამჯერად აქცენტი ქართულ მუსიკაზე გაკეთდება. შესრულდება ყველასათვის ცნობილი და საყვარელი ქართული ნაწარმოებები. იქნება ბევრი სიურპრიზი. ყველა ერთად ვეცდებით, კიდევ, რამდენიმე სიცოცხლე გადავარჩინოთ და ახალ წელს ყველა ერთად, უფრო ბედნიერები შევხვდეთ.

– ახალ წელს სად შეხვდებით?

– წესით თვითმფრინავში უნდა ვიჯდე მაგ დროს, (იცინის) თუ შევძლებ, ძალიან მინდა, სახლში შევხვდე. თუმცა ერთის მხრივ მომწონს, როგორც ამბობენ, სადაც შეხვდები ახალ წელს, ისე დაგებედება მთელი წელი. ჩემი ცხოვრებაც ხომ სულ მოგზაურობაა.

– განსაკუთარებული მოლოდინები თუ გაქვთ ახალი წლის მიმართ?

– ახალი წელი დღემდე ჩემთვის ერთ – ერთი ყველაზე ძვირფასი დღესასწაულია, რომელიც ასოცირდება ძალიან ბევრ პოზიტივთან და კარგ მოგონებებთან, ისინი ბავშვობაში მაბრუნებს. ძალიან ბევრ კარგ ადგილას და კარგ ადამიანებთან შევხვედრილვარ ამ დღესასწაულს, თუმცა ყველაზე მეტად ახალ წელს სახლში ყოფნა მიხარია.

ესაუბრა შორენა პაპაშვილი