ლიტვის პრემიერ-მინისტრ ალგიდრას ბუტკიავიჩუსის შეფასებით, საქართველოს მთავრობამ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში ბრწყინვალე შედეგებს მიაღწია, რაც, მისი თქმით, ასე მოკლე დროში მარტივი არ ყოფილა.

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ლიტვის დედაქალაქში, სადაც პარტნიორი ქვეყნის ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებს ხვდება. წულუკიანი დღეს ლიტვის პრემიერ-მინისტრსა და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა.

როგორც ლიტვის პრემიერმა წულუკიანთან შეხვედრისას განაცხადა, მან კარგად იცის, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის დეკემბერში ვიზალიბერალიზაციის პროცესში წინსვლის დაფიქსირება და თავისი ქვეყნის სახელით საქართველოსა და ქართველ ხალხს მხარდაჭერა გამოუცხადა. მისი თქმით, საქართველოს მთავრობასთან აქტიური თანამშრომლობა და მუშაობა მიმდინარეობს ყველა მიმართულებით.

თეა წულუკიანმა მადლობა გადაუხადა ლიტვის-პრემიერ მინისტრს მასპინძლობისთვის და განაცხადა, რომ საქართველოსთვის ისეთი მეგობარი, როგორიც ბალტიისპირა ქვეყნებია, განსაკუთრებით ძვირაფასი და მნიშვნელოვანია.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს კონფლიქტური რეგიონების არაღიარების პოლიტიკაში ლიტვის მხარდაჭერას. ამ თემაზე საუბარისას წულუკიანმა განაცხადა, რომ საქართველო არ არის ბირთვული სახელმწიფო და ერთადერთი, რაც ამ პრობლემის წინააღმდეგ გააჩნიათ, ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა და თავისუფალი საზოგადოებაა.

საქართველოს იუსტიციის მინისტრი დღეს ასევე შეხვდა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრ ლინას ლინკიავიჩუსს, სადაც შეხვედრის ძირითადი ნაწილი ასოცირების შეთანხმების დღის წესრიგისა და ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების პროცესში მიღწეული პროგრესის შეფასებას დაეთმო. ლინას ლინკიავიჩუსმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო წლის ბოლოს მიიღებს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის უფლებას და ევროკავშირის საზღვრები გაიხსნება საქართველოს მოქალაქეებისთვის.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here