ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში წარმოებულ ევროკავშირის ახალ სამხედრო მრჩეველთა მისიაში საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები ხუთკაციანი შემადგენლობით ჩაერთვებიან. ქართველი ჯარისკაცების გადასროლასთან დაკავშირებულ ყველა ლოგისტიკურ ხარჯს ფრანგული მხარე და ევროკავშირი ფარავს. სამხედრო მოსამსახურეები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სექტემბრის ბოლოს გაემგზავრებიან და მისიას 6 თვის განმავლობაში შეასრულებენ.

აფრიკაში გამგზავრებამდე სამხედროებს თავდაცვის მინისტრმა უმასპინძლა. შეხვედრას გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და მისი მოადგილე, პოლკოვნიკი რომან ჯოხაძე დაესწრნენ.

როგორც გენერალური შტაბის უფროსმა ვახტანგ კაპანაძემ განაცხადა, ქართული ჯგუფის ამოცანა იქნება სწრაფი რეაგირება. ძირითადად, ეს იქნება ევროპიდან გაგზავნილი მაღალი თანამდებობის პირების კონტინგენტის დაცვა, ესკორტირება.

“ამ პერიოდისთვის იქ ძალიან დაძაბული ვითარება არ არის, მაგრამ ისეთი რეგიონია, რომ ყოველ წუთს შეიძლება რაღაც მოხდეს. ჩვენი სამხედროები არიან სათანადოდ მომზადებულები, ნამყოფები არიან უცხოურ მისიაში და აქვთ გამოცდილება. დარწმუნებული ვარ, კარგად გაართმევენ თავს ამ ამოცანას”,- განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ.

თავდაცვის მინისტრის თინათინ ხიდაშელის თქმით, საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ წამოწყებული ნებისმიერი ქმედების თანამონაწილეა, რომელიც მსოფლიო უსაფრთხოებასა და მშვიდობას უზრუნველყოფს. საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა მისია უკვე შეასრულეს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, მალიში, ფრანგებთან და გერმანელებთან ერთად. “ამჯერად მისიის ტრანსფორმაცია მოხდა, შესაძლებლობების ფარგლებში, კვლავ ვეხმარებით ოპერაციის წარმატებას”,- განაცხადა ხიდაშელმა.

საქართველოსა და ევროკავშირს შორის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის (CSDP) ფარგლებში კრიზისების მართვის ოპერაციებში ჩარჩო ხელშეკრულებას ხელი 2013 წლის ნოემბერში მოეწერა. ქართული ქვედანაყოფები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე მისიაში 2014 წლის ივნისიდან მონაწილეობენ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here