უკვე 19 წელიწადია, ქართველი მეცნიერები ფიზიკის მაღალი ენერგიის დარგში მსოფლიოში ყველაზე დიდ ლაბორატორიასთან – ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციასთან, CERN-თან თანამშრომლობენ.
ქართველი მეცნიერების ყველაზე აქტიური მუშაობა CERN-ის ერთ-ერთ მთავარ დეტექტორზე – ე.წ. ATLAS-ის ექსპერიმენტზე მიმდინარეობს.

Dalma News-ის კორესპონდენტი ATLAS-ში ქართული ჯგუფის ხელმძღვანელს, მაღალი ენერგიების ინსტიტუტის პროფესორ ჯემალ ხუბუას, CERN-ში ქართველი ფიზიკოსების მუშაობასა და თანამედროვე მეცნიერების წინაშე არსებულ  გამოწვევებზე ესაუბრა.

“ამ ექსპერიმენტს უდიდესი მნიშვნელობა აქვს მთელი მსოფლიოსთვის და მასში მონაწილეობით, საქართველომ არნახულ წარმატებას მიაღწია. CERN-ის შექმნის ერთ-ერთი ფაქტორი, სამწუხაროდ, აშშ-ს მიერ იაპონიაზე ატომური ბომბის ჩამოგდება გახდა, რამაც ცხადყო, რომ ატომური ენერგია ერთი ქვეყნის ხელში კონცენტრირებული არ უნდა ყოფილიყო. გადაწყდა, რომ სხვადასხვა სახელმწიფოები ერთობლივი კვლევისთვის გაერთიანდებოდნენ და ეს კვლევები ღია და ყველასთვის მისაწვდომი გახდებოდა”, – მოგვითხრობს მეცნიერი.

პროფესორ ჯემალ ხუბუას კარიერა რუსეთის ქალაქ დუბნაში მდებარე ბირთვული კვლევების ინსტიტუტს უკავშირდება. მეცნიერმა დუბნაში მუშაობა 1965 წელს დაიწყო, 90-იან წლებში კი, ამ საერთაშორისო ინსტიტუტში საქართველოს წარმომადგენელი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ CERN-სა და დუბნაში დაპირისპირებული პოლიტიკური ბანაკების ქვეყნები გაერთიანდნენ, მეცნიერებს ერთმანეთთან თბილი ურთიერთობა ჰქონდათ.

“90-იან წლებში ცერნ-მა ATLAS-ის ექსპერიმენტისთვის ერთ-ერთი დანადგარის – “ტაილ კალორიმეტრის” აწყობა შემოგვთავაზა, რაზეც დუბნის ხელმძღვანელობისგან თანხმობა მიიღო. ეს დანადგარი შედგება ცენტრალური, მარჯვენა და მარცხენა ნაწილისგან და მე სწორედ ცენტრალური ნაწილის ერთ-ერთი თანაავტორი  და ხელმძღვანელი ვარ. “ტაილ კალორიმეტრის” ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია ნაწილაკების ენერგიისა და მიმართულების გაზომვაა. მიუხედავად იმისა, რომ  ამ დანადგარზე მუშაობა გასული საუკუნის 1996-97 წლებში დავიწყეთ, ის დღემდე შეუფერხებლად მუშაობს”, – აცხადებს ჯემალ ხუბუა.

ATLAS-დანადგარი (ინგლისურ. A Toroidal LHC ApparatuS) – CERN-ში აშენებული პროტონ-პროტონულ ამაჩქარებლის – დიდი ადრონული კოლაიდერის ერთ-ერთი მთავარი ექსპერიმენტია და მისი მთავარი ამოცანა ზემძიმე ელემენტარული ნაწილაკებისა და ანტინაწილაკების პოვნაა. ამ დეტექტორის სიგრძე 46 მ, დიამეტრი 25 მ, წონა კი – 7 000 ტონაა.

საქართველო მეცნიერებაზე ყოველთვის იყო ორიენტირებული. პირველი ქართველი, რომელიც ცერნ-ში 1962-63 წლებში მოხვდა,  საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი ალბერტ თავხელიძე იყო. ის ხელმძღვანელობდა საბჭოთა კავშირის პირველ დელეგაციას, რომელიც ოფიციალური ვიზიტით ჟენევას ეწვია. ცერნ-ში მუშაობდა სახაროვის პრემიის ლაურეატი, ბრწყინვალე ფიზიკოს-ექსპერიმენტატორი გოგი ჩიქოვანიც.
საქართველო  ერთ-ერთი პირველი იყო პოსტსაბჭოთა სივრციდან, რომელიც ცერნ-ში სამუშაოდ, დამოუკიდებელ ქვეყნად მიიწვეს, – ამბობს ჯემალ ხუბუა.

ქართველ მეცნიერთა კვლევები გამოქვეყნდა ისეთ გავლენიან სამეცნიერო ჟურნალებში, როგორიცაა Physical review, Phisical Review letters, European journal of physics და სხვა. Dalma News-ის რესპოდენტი 500-მდე ნაშრომის ავტორია.

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოღვაწე ქართველი მეცნიერები დიდ ადრონულ კოლაიდერზე წარმატებულ კვლევებს ახორციელებენ. მაგალითად, ATLAS-ის საექსპლუატაციო ჯგუფის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, რუსეთში მოღვაწე ქართველი მეცნიერი ირაკლი მინაშვილია. პროფესორი ალექსანდრე შარმაზანაშვილი კი, ATLAS-ის კომპიუტერულ დიზაინერთა ჯგუფს  ხელმძღვანელობს. ATLAS-ის გარდა, ქართველი მეცნიერები, მათ შორის აშშ-ში მოღვაწე ცნობილი ფიზიკოს-ექსპერიმენტატორი ლექსო მესტვირიშვილი, დიდი ადრონული კოლაიდერის მეორე მსხვილ ექსპერიმენტზე – CMS-დანადგარზე მუშაობენ.

“CERN-ის ექსპერტიმენტებში მონაწილე ქართველი მეცნიერი გია დვალი კი, მთელ მსოფლიოში თეორიული ფიზიკის სფეროში მოწინავე ფიგურად მიიჩნევა. ნიუ-იორკის უნივერსიტეტისა და ლუდვიგ მაქსიმიალიანის სახელობის მიუნჰენის უნივერსიტეტის პროფესორი, მაქს პლანკის ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორი გია დვალი, მრავალგანზომილებიანი თეორიის ავტორია, რომელმაც მეცნიერულ წრეებში დიდი მოწონება დაიმსახურა.
გულდასაწყვეტია, რომ ჩვენი მეცნიერები მთელს მსოფლიოში არიან გაფანტულები”, – ამბობს ჯემალ ხუბუა და დასძენს, რომ  საქართველოში მეცნიერების განვითარების ერთ-ერთი მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი არის განათლების დაბალი დონე და მოძველებული ტექნიკური ბაზა.

თუკი დღეს, რომელიმე ჩვენი მეცნიერი წარმატებას აღწევს, ეს არა განათლების სისტემის, არამედ მისი ნიჭის დამსახურებაა. სამწუხაროდ, მთავრობის მხრიდან განათლებას სათანადო მხარდაჭერა არა აქვს. ბევრი  ინსტიტუტი დაიხურა, უამრავი პროფესიონალი კი უმუშევარი დარჩა. მართალია, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე ძალიან ბევრს შრომობს, მაგრამ ერთი ადამიანის ძალისხმევით შედეგის მიღწევა რთულია.

სირთულეების მიუხედავად, ქართველი ფიზიკოსები ცერნ-ში წარმატებით მუშაობენ.  სხვა მკვლევარებთან ერთად, ისინი პასუხს ეძებენ მეცნიერების წინაშე არსებულ მთავარ კითხვებზე: რას წარმოადგენს  ბნელ მატერიად წოდებული უხილავი სუბსტანცია, რომელიც  სამყაროს მატერიის 96%-მდე შეადგენს? როგორი იყო სამყარო დიდი აფეთქებიდან პირველ წამებში? არსებობს თუ არა დამატებითი განზობილებები? XXI საუკუნის ერთ-ერთი მთავარი სამეცნიერო აღმოჩენა ე.წ. ჰიგსის ბოზონის არსებობის ექსპერიმენტალურად დადასტურება გახდა და ამ ნაწილაკს მეცნიერებმა, სწორედ დიდ ადრონულ კოლაიდერზე მიაგნეს.

“სამყაროს შექმნის შესახებ არსებულ სტანდარტულ მოდელში თითქმის ყველაფერი იყო აღწერილი გარდა ფაქტისა, თუ როგორ იძენენ ნაწილაკები მასას. ჰიგსის მექანიზმის თანახმად, არსებობს ე.წ. ჰიგსის ველი, რომლის სტაციონარული მდგომარეობიდან გამოყვანა იმ წუთშივე იწვევს სიმეტრიის დარღვევასა  და ნაწილაკებისთვის მასის მინიჭებას, – განმარტავს მეცნიერი, – დიდი ადრონული კოლაიდერის მთავარი დანიშნულება სწორედ ჰიგსის ბოზონის ექსპერიმენტალურად აღმოჩენა იყო და ეს გავაკეთეთ კიდეც”.

CERN-ის  მეცნიერები სამყაროს ასიმეტრიის მიზეზებსაც იკვლევენ. სტანდარტული მოდელის თანახმად, სამყაროს წარმოშობის დროს ნაწილაკების და მათი, საპირისპირო მუხტით დამუხტული ტყუპისცალის –  ანტინაწილაკების რაოდენობა თანაბარი იყო.  გარკვეულმა პროცესებმა შემდგომში, ეს თანაფარდობა დაარღვია და არ ვიცით რატომ. რა გახდა სამყაროს ასიმეტრიის მიზეზი? რატომ არ არსებობს ანტისამყარო – ჰიპოტეტური კოსმოსური ობიექტი, რომელიც მთლიანად ანტინივთიერებისგან შედგება, თუკი ამას არც ერთი თეორია არ კრძალავს? ცერნ-ის კოლაბორაცია და მათ შორის, ქართველი მეცნიერები, ამაზე პასუხს ეძებენ და მჯერა, ადრე თუ გვიან, იპოვიან კიდეც…

ს.კ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here