თბილისში სამუშაო ვიზიტით მყოფი სომხეთის გენერალური პროკურორი გევორგ კოსტანიანი და სომხეთის დელეგაცია, გუშინ, 25 აგვისტოს, საქართველოს გენერალურ პროკურორ გიორგი ბადაშვილს შეხვდა.

როგორც სააგენტო “არმანპრესი” სომხეთის გენერალური პროკურატურის პრესსამსახურზე დაყრდნობით იტყობინება, გენერალურმა პროკურორებმა განიხილეს თავიანთ უწყებებს შორის თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხების ფართო სპექტრი, ფუნქციებისა და პროდუქტიულობის ამაღლების შესაძლებლობები.
კერძოდ, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სომხეთსა და საქართველოში დანაშაულებების გახსნის, ძებნილი პირების გადაცემისა და დანაშაულის აღკვეთის სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, რაც ბოლო ხანებში განსაკუთრებით პროდუქტიულად რეალიზდება.

მხარეებმა ისაუბრეს ასევე საბაჟო სფეროში თანამშრომლობის აუცილებლობაზე. კოსტიანინმა განაცხადა, რომ სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის თვალსაზრისით, საქართველოს გენერალური პროკურატურა სომხეთის საიმედო პარტნიორია დანაშაულთან ბრძოლის საქმეში.

შეხვედრაზე ასევე ითქვა, რომ ორ უწყებას შორის თანამშრომლობის შესახებ ახალი მემორანდუმის გაფორმებით ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება და გაფართოვდება. სომხეთის გენერალურმა პროკურორმა ბადაშვილს თბილი მიღებისა და პროდუქტიული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა და ქართველი კოლეგა საპასუხო ვიზიტით სომხეთში დაპატიჟა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here