სასტუმრო “თბილისი მარიოტში” ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან (EFTA) მოლაპარაკებების პირველი რაუნდი დაიწყო, რომელსაც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ბითაძე დაესწრო. შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მიხეილ ჯანელიძე გაუძღვა.

როგორც Dalma News-ს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში განუცხადეს, საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი ექსპორტის ხელშეწყობაა, საექსპორტო ბაზრებისა და ნაკადების დივერსიფიკაციის გზით. ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ამოქმედების შემდეგ ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან (აერთიანებს შვეიცარიას, ნორვეგიას, ისლანდიას და ლიხტენშტეინს) მოლაპარაკებების დაწყება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების თაობაზე ამ მიმართულებით გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

EFTA-თან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების შედეგად, საქართველოში წარმოებულ საქონელსა და მომსახურებას გაეხსნება მაღალმყიდველუნარიანი ბაზარი, რომელიც აერთიანებს 4 ქვეყანას და 13 მილიონზე მეტ მომხმარებელს. საქონლისა და მომსახურების თავისუფალი გადაადგილება ხელს შეუწყობს საქართველოს საექსპორტო და საინვესტიციო პოტენციალის ზრდას, ასევე ახალი საწარმოებისა და სამუშაო ადგილების გაჩენას. ამასთან აღსანიშნავია, რომ ეს იქნება პირველი საერთაშორისო შეთანხმება, რომელსაც საქართველო გააფორმებს ისლანდიასა და ლიხტენშტეინთან.მხარეთა შორის შეხვედრები და მოლაპარეკებების პროცესი 4 სექტემბრამდე გაგრძელდება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here