დღეს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.3640 ლარი შეადგინა. ეროვნული ვალუტის კურსმა წლის ისტორიულ მინიმუმს მიაღწია. ლარის გაუფასურების გამო საქართველოს მთავრობის წევრებმა განცხადება გააკეთეს.
პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე ლარის დევალვაციის მიზეზად “სპეკულაცია და აჟიოტაჟი” დაასახელა.

“ჩვენს ეკონომიკაში, მაკროეკონომიკაში არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. მინდა ჩვენს მოქალაქეებს და ბიზნესმენებს ვუთხრა, ნუ აჰყვებიან მედიასაშუალებებს, მათ მიერ შექმნილ აჟიოტაჟს და ქაოსს და უპასუხისმგებლო ექსპერტებისა და პოლიტიკოსების გამონათქვამებს”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მოსახლეობას სიმშვიდისკენ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმაც მოუწოდა.

“ყველანაირი საფუძველი გვაქვს ვივარაუდოთ, რომ ის, რაც გუშინ ხდებოდა ბაზარზე, არის მხოლოდ და მხოლოდ აჟიოტაჟური ქცევის შედეგი. ჩინეთის საფონდო ბაზრის დაცემასთან ამას არანაირი კავშირი  არ აქვს. ამიტომ ვფიქრობთ, რომ მაქსიმალურად უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე, არაფერი განსაკუთრებული გუშინ ჩვენს ბაზარზე არ მომხდარა”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ირწმუნება, რომ  ლარის კურსი აუცილებლად დასტაბილურდება.

“ვფიქრობ, ეს არის დროებითი მოვლენა. ადგილი აქვს გარკვეულ სპეკულაციურ მოვლენებს ბაზარზე და კურსი აუცილებლად დასტაბილურდება. ამაში ღრმად ვარ დარმწუნებული”, – განაცხადა ხადურმა.

საქართველოს მთავრობაში აცხადებენ, რომ ლარის გაუფასურებაზე არც შიდა და არც გარე ფაქტორები არ ახდენს გავლენას, თუმცა მზად არიან, საბიუჯეტო კომპონენტს გადახედონ.

“აქ შეიძლება იყოს ბიუჯეტის შეკვეცის კომპონენტებიც, ასევე ეროვნული ბანკის მხრიდან, ალბათ, უფრო მეტი აქტიური ჩარევა, რადგან ჩვენ ფუნდამენტურად შიდაპრობლემები მოწესრიგებული გვაქვს და გაუფასურების შემდგომი მიზეზები ქვეყნის შიგნით არ არსებობს”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოს მთავრობა, თუმცა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ უკვე დაადასტურა, რომ ჯანდაცვის და სოციალური მიმართულებით ბიუჯეტის კორექტირების საკითხი არ განიხილება.

“მე შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, რომ მიმდინარე პროექტების შემცირება არ მოიაზრება. პირიქით, იქნება გაუმჯობესება, ზოგადად კურსის ცვლილებას რაც შეეხება, ალბათ, ეკონომიკური გუნდი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რმ სტაბილურობა იყოს შენარჩუნებული”, – განაცხადა სერგეენკომ.

მთავრობისგან განსხვავებით, ქართველი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ უახლოეს პერიოდში ლარის კურსის დასტაბილურება მოსალოდნელი არ არის.

როგორც Dalma News-ი წერდა, ექსპერტები ეკონომიკის საკითხებში აცხადებენ, რომ არსებულ სიტუაციაში, სახელმწიფო მხრიდან ჩარევა აუცილებელია. მთავრობამ გადასახადები და საბიუჯეტო ხარჯები უნდა შეამციროს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here