ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის აზრით, არაფერია გასაკვირი და უცნაური იმაში, რომ მოსახლეობის ნაწილს სესხების მომსახურება გაურთულდა, თუმცა, მიაჩნია, რომ ბანკებმა მოქალაქეებს, რომელთაც სესხის მომსახურება უჭირთ, რესტრუქტურიზაციის სანაცვლოდ გაზრდილი პროცენტი და დამატებითი საურავი არ უნდა დააკისრონ.

ქადაგიძის თქმით, მოქალაქეებმა, ვისთვისაც ეს გარკვეულ პრობლემად იქცა, უნდა მიაკითხონ საკუთარ ბანკებს და მათ მოსთხოვონ რესტრუქტურიზაციები საკრედიტო ხელშეკრულებებით. ხოლო მეორეს მხრივ, ბანკებმა უნდა გამოიჩინონ მაქსიმალური მოქნილობა და არავითარ შემთხვევაში არ უნდა დააკისრონ, არც გაზრდილი პროცენტი, არც არანაირი დამატებითი საურავები რესტრუქტურიზაციის სანაცვლოდ.

“მით უმეტეს, მიუღებელია მუქარა ე.წ. შავ სიაში მოხვედრით და ა.შ.”, – მიაჩნია გიორგი ქადაგიძეს.

ჟურნალისტებთან ლარის გაუფასურებაზე საუბრისას ქადაგიძემ დღეს განაცხადა, რომ  ეროვნული ვალუტის კურსის ვარდნა გამოიწვია იმ მილიარდი დოლარის შემოდინების დანაკლისმა, რომელიც ბოლო წლებში დააკლდა ქვეყნის ეკონომიკას.

“შესაბამისად, გაუფასურებულმა კურსმა შეამცირა იმპორტი იგივე ოდენობით და დღეს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საგადამხდელო ბალანსიდან, ანუ შემოდინების ნაწილი უკვე ასახულია იმპორტის შემცირებაში,” – განაცხადა ქადაგიძემ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი უფრო აგრესიული მონეტარული პოლიტიკის გატარების მზადყოფნას გამოთქვამს, თუ ამის საჭიროება დადგება, სხვადასხვა მიმართულებით, თუმცა, საჭიროდ მიიჩნევს, მთავრობის ეკონომიკური ბლოკის მინისტრებმა დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია რეფინანსირების ინსტრუმენტთან და მთლიანად მონეტარულ პოლიტიკასთან დაკავშირებით.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here