საქართველოს მოქალაქე სხვადასხვა ეროვნების მოსწავლეთა სამოქალაქო ინტეგრაციის, მათი დაახლოებისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვის მიზნით, განათლების სამინისტრო ახორციელებს პროექტს “მულტიკულტურული საზაფხულო სკოლა ეთნიკური უმცირესობებისათვის”, სადაც არაქართულენოვანი მოსწავლეები ქართულ ენას ეუფლებიან, ეცნობიან საქართველოს ისტორიას, კულტურას და რამდენიმე დღის განმავლობაში მეგობრულად თანაცხოვრობენ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური ბაკურიანის საზაფხულო სკოლას ეწვია, სადაც არაქართულენოვანი სკოლების 50 მოსწავლე იმყოფება. ეს მოსწავლეები სამინისტროს მიერ ორგანიზებული ესეების კონკურსის – “ჩემი კულტურა და ტრადიცია” საფუძველზე შეირჩნენ. მინისტრის მოადგილემ მათი მხრიდან პროექტის შეფასებები მოისმინა და ქართული ენის სწავლების მდგომარეობით დაინტერესდა.

მოსწავლეებს ბანაკში მხოლოდ ერთი საკომუნიკაციო ენა ჰქონდათ-ქართული. მინისტრის მოადგილესთან დიალოგიც  ქართულ ენაზე წარიმართა, მოსწავლეები, რომლებიც ბანაკში მოხვედრამდე ქართულად ცუდად, ან საერთოდ ვერ ლაპარაკობდნენ, უკვე ამაყად საუბრობენ თავიანთ მიღწევებზე, ახალ მეგობრებსა და მომავალ ურთიერთობებზე.

განათლების მინისტრის მოადგილის შეფასებით, შეხვედრამ ცხადყო, რომ საზაფხულო სკოლის მონაწილეებს გათვითცნობიერებული აქვთ სახელმწიფო ენის ცოდნის აუცილებლობა, მათი საზოგადოებაში სრული ინტეგრაციისათვის. შესაბამისად, ისინი მოტივირებულნი არიან, უყვართ სამშობლო და სურთ თავიანთ ქვეყანაში გახდნენ წარმატებულები.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here