ევროკავშირმა რუსეთი სათანადოდ ვერ დააფასა და აზერბაიჯანთან პოლიტიკას გადახედავს

1155

რუსეთისა და დასავლეთის ინტერესების შეჯახება აზერბაიჯანზე გავლენისთვის კვლავაც გრძელდება. რამდენიმე დღის წინათ ბაქოში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, საგარეო საქმეებსა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროპული კომისიის ვიცე-პრეზიდენტი ფედერიკა მოგერინი, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პედრო აგრამუნტი, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის საერთაშრისო ენერგეტიკული საკითხების კოორდინატორი და სპეციალური ელჩი ამოს ჰოჰშტეინი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ენერგოკავშირის საკითხებში მაროშ შეფჩოვიში ჩავიდნენ. გასული კვირის ბოლოს კი აზერბაიჯანს მოულოდნელად ესტუმრნენ რუსეთის ვიცე-პრემიერი დიმიტრი როგოზინი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი.

მართალია, აღნიშნული ვიზიტები ფორმალურად ერთმანეთს არ უკავშირდება, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ დასავლეთსა და რუსეთს შორის კონკურენცია რეგიონში აქტიურად გრძელდება.

ევროკავშირი პრაგმატულ მიდგომას ირჩევს

აზერბაიჯანსა და დასავლეთს შორის ურთიერთობა ბოლო დროს საგრძნობლად გაცივდა და კინაღამ საქმე ბაქოს წინააღმდეგ სანქციების მიღებამდე მივიდა. მაგრამ ცვალებადი გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე, რამაც აჩვენა, რომ რუსეთი არც ისე სუსტია, როგორც ეს თავდაპირველად ევროკავშირს ეგონა, როგორც სჩანს, ევროპელებმა თავიანთი პოლიტიკის გადახედვა გადაწყვიტეს, რათა საკუთარი ინტერესებისთვის არ ევნოთ.

ევროკავშირისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლების ყველა ოფიციალური შეხვედრის შედეგებს თუ შევაჯამებთ, ბრიუსელელი პარტნიორები აზერბაიჯანისთვის სანქციების დაწესებას კი არ აპირებენ, არამედ პირიქით, აზერბაიჯანული გაზით არიან დაინტერესებულნი და მზად არიან ეკონომიკური თანამშრომლობა გააფართოვონ. აშკარაა, რომ ევროპელები თანამშრომლობის საკითხს პრაგმატულად უდგებიან და ესმით, რომ: ა) აზერბაიჯანს ეკონომიკური ინტეგრირება ევროკავშირში უფრო მეტად მოუხდება, ვიდრე ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში; ბ) ეს შეამცირებს რუსეთის აზერბაიჯანზე გავლენას და რუსული გაზის წილს ევროპულ ბაზარზე.

მოულოდნელი სტუმარი

აზერბაიჯანიდან ევროპელი სტუმრების წასვლისთანავე, ქვეყანას მოულოდნელი ვიზიტით რუსეთის ვიცე-პრემიერი დიმიტრი როგოზინი ეწვია. ვიზიტის მიზანი იყო აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის სამხედრო-ტექნიკურ სფეროში თანამშრომლობის განხილვა. აზერბაიჯანი რუსული იარაღის ერთ-ერთი მსხვილი მომხმარებელია. მაგრამ ნავთობის მკვეთრად გაიაფებამ, ასევე ეკონომიკურმა კრიზისმა აზერბაიჯანის ფინანსურ შესაძლებლობებს სერიოზული დარტყმა მიაყენა, რამაც შესაძლებელია, გარკვეული პრობლემები შექმნას გაფორმებული კონტრაქტებით გათვალისწინებულ გადახდებთან დაკავშირებით.

აზერბაიჯანის პრეზიდენტისა და რუსეთის ვიცე-პრემიერის შეხვედრის ფარგლებში ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ როგოზინის ვიზიტი კარგ შესაძლებლობებს იძლევა ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ურთიერთობის მნიშვნელოვანი საკითხების განმეორებით განხილვისთვის და რომ ეს ვიზიტი ორმხრივ ურთიერთობას წარმოაჩენს, როგორც სტრატეგიულ პარტნიორობას.

თავის მხრივ, დიმიტრი როგოზინმა განაცხადა, რომ ახლოაღმოსავლეთის რეგიონში საერთაშორისო არენაზე გამოჩენილი მუქარა და საშიშროება, მათ შორის ტერორისტული საფრთხე, რეგიონულ დონეზე განსახილველი მნიშვნელოვანი საკითხებია. მისივე თქმით, აზერბაიჯანმა აქტიურად დაუჭირა მხარი რუსეთს მაშინ, როდესაც მის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს და გაიზარდა აზერბაიჯანის სასოფლო სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი რუსეთში.

ვიზიტის დასასრულს ვიცე-პრემიერმა Twitter-ის თავის ოფიციალურ გვერდზე შემდეგი შეტყობინება დატოვა: “ბაქოში ვიზიტის მთავარი შედეგი: მხარეებმა დაადასტურეს, რომ პასუხისმგებლიანები და საიმედოები არიან, ისეთ მგრძნობიარე სფეროში, როგორიც სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობაა”.

გამომშვიდობება ერთპოლარულ მსოფლოსთან

ილგარ ველიზადე
ილგარ ველიზადე

აზერბაიჯანში დასავლეთელი და რუსი პოლიტიკოსების ვიზიტზე საუბრისას პოლიტოლოგმა ილგარ ველიზადემ Dalma News-სთან საუბარში განაცხადა, რომ რუსეთსა და დასავლეთს შორის რეგიონში გავლენის მოსაპოვებლად ბრძოლა ბოლო ოცდაოთხი წელიწადი შეუჩერებლად და სხვადასხვა დონის აქტიურობით მიმდინარეობს.

“ამ დროისთვის სახეზეა აზერბაიჯანზე გავლენის მოსაპოვებლად მეტოქეობის აქტიური ფაზა. მაგრამ, თუ მანამდე ბაქო ამ მოვლენების პასიური მონაწილე იყო, ახლა ვითარება რადიკალურად შეიცვალა. აზერბაიჯანს შეუძლია დამოუკიდებლად იმოქმედოს პროცესებზე, გადადგას აქტიური ნაბიჯები და ურთიერთობების ახალი ფორმატის ინიციატორად გამოვიდეს.

ამასთან დაკავშირებით, ბაქოში რუსეთის ხელმძღვანელობისა და ევროპული დიპლომატიის წარმომადგენლების ვიზიტი შეიძლება ურთიერთობების ორ ბლოკად დაიყოს, რომელიც ეთანხმება აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკურ მიზნებს, რაც იმაში მდგომარეობს, რომ თითოეულ გეოპოლიტიკურ პოლუსთან ურთიერთობით შედარებით მეტი სარგებელი მიიღოს”, – ამბობს პოლიტოლოგი.

აზერბაიჯანი და ევროკავშირი: ენერგეტიკა და პრაგმატიზმი

როვშან იბრაჰიმოვი
როვშან იბრაჰიმოვი

Dalma News-ის კორესპონდენტთან აზერბაიჯანისა და ევროკავშირის ურთიერთობებზე საუბრისას პოლიტოლოგმა როვშან იბრაჰიმოვმა განაცხადა, რომ თუ საკითხებს ქრონოლოგიური თანმიმდევრობით განვიხილავთ, ისინი ყოველთვის პრაგმატულობასა და ურთიერთმომგებიან თანამშრომლობას ეფუძნებოდნენ.

“უფრო ზუსტად, ეს ურთიერთობები ემყარება აზერბაიჯანის ხელმძღვანელობაში ჩამოყალიბებულ მიდგომას, რომელიც ეროვნულ ინტერესებზეა დაფუძნებული. აზერბაიჯანმა უარი განაცხადა პროგრამა “აღმოსავლური პარტნიორობის” გაღრმავებულ რეალიზებაზე. მიაჩნია, რომ ეს ინიციატივა არც მის ინტერესებს და არც შესაძლო გეოპოლიტიკურ გამოწვევებს პასუხობს. როგორც დრომ აჩვენა, აზერბაიჯანი მართალი გამოდგა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ამ პროგრამის წარუმატებლობა თავად ევროკავშირში აღიარეს”, – ამბობს პოლიტოლოგი.

მისივე თქმით, ბაქოში ამჯობინებენ ბრიუსელთან ურთიერთობის გაღრმავებას არა რეაგიონული მიდგომების ფარგლებში, არამედ ორმხრივი სტარტეგიული თანამშრომლობის დონეზე და ამ ურთიერთობებისთვის აზერბაიჯანი უფრო მეტს აკეთებს, ვიდრე ევროკავშირი.

იბრაჰიმოვმა ასევე ისაუბრა იმაზე, რომ აზერბაიჯანი აქტიურად მონაწილეობს ევროკავშირის მთელი რიგი ქვეყნების ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში და ამისთვის საჭირო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას ქმნის.

“ევროკავშირს ესმის ესეც და აზერბაიჯანის მნიშვნელობაც. ცდილობს მასთან ურთიერთობა განამტკიცოს და ის რეალური ინტერესების ფარგლებში განიხილოს. თუმცა ევროკავშირი მრავალფეროვანი ორგანიზაციაა და მის სხვადასხვა ორგანოს ერთიდაიმავე ვითარებაში სხვადასხვაგვარად მოქცევა შეუძლია. ეს განსაკუთრებულობა ხელს უშლის ევროკავშირს რეგიონში არსებული ვითარების სრულად აღქმაში.

ნებისმიერ შემთხვევაში, ენერგეტიკული და სატრანსპორტო პროექტების განხორციელების ფარგლებში, აზერბაიჯანის როლი და მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზრდება, მოხდება მხარეებს შორის ინტეგრაცია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ურთიერთობები განმტკიცდება”, – დასძინა ექსპერტმა.

მოამზადა ნიჯატ გაჯიევმა